გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. 17 ბრალდებულის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.ადვოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის გარეშე დატოვება მოითხოვა, ნაწილმა კი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.

ადვოკატების განმარტებით, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანის გამო, მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურამ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ – 27 ივნისს წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მათ ბრალი ჯგუფურ ძალადობასა და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“ ედებათ.

ცნობისთვის, 17 პირი შსს-მ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის გარემოებების დასადგენად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 26 ივნისს დააკავა. 19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები