ალექსანდრე კობაიძე: ბრალდების მხარის დასაბუთება შაბლონურია და საქმე სამართლებრივი ჩრჩოდან გასულია
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების – არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, აღნიშნული საქმე სამართლებრივი ჩარჩოდან გასულია, რადგან ბრალდების მხარის დასაბუთება შაბლონურია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას ჩქარობს, მიუხედავად იმისა, რომ საქმე 17 ადამიანს ეხება. კობაიძის თქმით, მან მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა.
“ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მათ 10 წუთში ჩამოაყალიბეს ის საფრთხეები თურმე, რა საფრთხეებიც ყველა ბრალდებულის მიმართ არსებობს. ეს არის მიმალვის, მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების საფრთხე, თურმე ჩვენ გამოძიებას მივემალებით. რა თქმა უნდა, ეს ბუტაფორია და აბსტრაქციაა, საქმე კონკრეტულად დასაბუთებული არ არის. მაგალითად, ჩვენ თუ მართლა მივემალებით გამოძიებას, მინუმუმ უნდა იყოს, რომ საზღვართან დაგვიჭირეს, ან თუ ჩვენ მოწმეებზე მოვახდინეთ ზეწოლა, რომელიმე მოწმის ახსნა-განმარტება უნდა იყოს, რომ დიახ, რაიმე ფორმით ზემოქმედება ხდებოდა. ასეთი არცერთი პირის შემთხვევაში არ არის. სასამართლოს აცილება მივეცით, პირადად მე მას აცილება გამოვუცხადე და შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩემი პოზიცია კოლეგებმაც გაიზიარეს. მოსამართლე ჩქარობს, ეჩქარება სასამართლოს, როდესაც 17 ადამიანის ბედი წყდება და სამწუხაროდ, სასამართლოს როგორც ჩანს, მათი ბედი არ აინტერესებს და შინაგანი რწმენით გადაწყვეტილი აქვს. ეს მიუთითებს იმას, რომ სასამართლო პოლიტიკურ ინსტრუმენტად გვევლინება და არა სამართალშემოქმედებითად. ყოველ შემთხვევაში, ეს ამ ეტაპზე ჩემი სუბიექტური აზრია, ხოლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, მალე ვიხილავთ. როდესაც სასამართლოს მოვუწოდე, რომ მისი აცილების საფუძველი არსებობდა, მან მითხრა, მალე დამესაბუთებინა და დრო ერთი წუთი განმისაზღვრა. მაჩქარებდა, რომ ხანმოკლე დროში ჩემი პოზიცია ჩამომეყალიბებინა. არ მისმენდა, ფაქტობრივად, და არც უნდოდა, რომ მოესმინა. ეს იმას მიანიშნებს, რომ ეს საქმე გადაწყვეტილია”, – აღნიშნა კობაიძემ.
ადვოკატი აცხადებს, რომ მან სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების ალტერნატიული სახის – გირაოს გამოყენება შესთავაზეს, რაზეც მისი ვარაუდით, მოსამართლე უარს იტყვის. კობაიძე ასევე აცხადებს, რომ საქმე სამართლებრივი ჩარჩოდანაა გასული.
“ჩვენ მოვითხოვეთ, რომ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოყენებულიყო. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მაინც მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული უნდა იყოს, ჩვენ ალტერნატიულ სახედ გირაო და თანხის თავად განსაზღვრა შევთავაზეთ. ასევე სასამართლოს შევთავაზეთ, ყოველ კვირას გამოვცხადდეთ საგამოძიებო ორგანოში და ხელი მოვაწეროთ, ამისთვისაც მზად ვართ. ყველანაირ შეღავათზე ვთანხმდებით, ოღონდ ამ ადამიანებს თავიანთი კარიერა არ გაუფუჭდეთ და ის მიზნები არ ჩაეფუშოთ, რაც აქვთ. იმედი მაქვს, რომ მოსამართლე, როცა სათათბირო ოთახში შევა, წნეხისგან გათავისუფლდება და რაც ნებისმიერ მოსამართლეს ეკადრება, სამართალშემოქმედებით გადაწყვეტილებას მიიღებს”, – აცხადებს კობაიძე.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები სტრესულ სიტუაციაში არიან.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მცხეთის სასამართლო მსხჯელობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.
პროკურატურამ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ – 27 ივნისს წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მათ ბრალი ჯგუფურ ძალადობასა და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში ედებათ.
ცნობისთვის, 17 პირი შსს-მ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის გარემოებების დასადგენად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 26 ივნისს დააკავა. 19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.