„მინდა, მეტი ქალი რეინჯერი გვყავდეს საქართველოში“- გაიცანით 25 წლის რეინჯერი თეთრიწყაროდან
დაცული ტერიტორიების სააგენტოში სულ 358 რეინჯერი მუშაობს, მათგან ქალი მხოლოდ ოთხია. მათ შორის ერთ-ერთი 25 წლის ლუსინე დოსტიბეგიანი, რომელიც ალგეთის ეროვნულ პარკში ასრულებს მოვალეობას. როგორც ახალგაზრდა რეინჯერი “რეგიონულ კვირას” უყვება, ბუნების სიყვარულით და ინტერესით ბავშვობიდან გამოირჩეოდა და ამ სამსახურმა ბავშვობის ოცნება აუსრულა.
„სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, ვერ გავაგრძელე სწავლა. გადავწყვიტე , სხვადასხვა არასამთავრობო პროექტში მიმეღო მონაწილეობა. დავდიოდი ლაშქრობებში, ვეცნობოდი კულტურულ მემკვიდრეობას , ვიღებდი ფოტოებს. მონაწილეობა მივიღე ფოტოკონკურსში და გავიმარჯვე. ვცდილობდი, სხვადასხვა აქტივობებში მაქსიმალურად ჩავრთულიყავი“,- გვიყვება ლუსინე.
როდესაც გაიგო, რომ სამშვილდის კანიონის ძეგლისთვის რეინჯერს ეძებდნენ, გადაწყვიტა, ბედი ეცადა და ბუნებისათვის მიეძღვნა თავი.
„2018 წლის ზაფხულში დავიწყე მუშაობა. ვნახე, რომ რეინჯერს ეძებდნენ ალგეთის ეროვნულ პარკში – სამშვილდის კანიონზე. გავიარე გასაუბრება და დავიწყე მუშაობა. მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო საქმეა . ყოველდღიურად გვიწევს რეინჯერებს მოვლა-პატრულირება იმ ტერიტორიებზე, რომელიც ჩვენ გვაბარია. მე , პირადად, კვირაში ხუთი დღე მიწევს ჩემს ტერიტორიაზე არსებული ტყის დაცვა“,– ამბობს რეინჯერი .
მისი თქმით, არასოდეს შექმნია დისკომფორტი იმის გამო, რომ ქალია, პირიქით, იძენს ახალ უნარებს, ითვისებს სიახლეებს და მოუწოდებს ქალებს, იყვნენ უფრო აქტიურები, დაიცვან ბუნება და უყვარდეთ ის.
„პროფესია რთულია და პასუხისმგებლობას მოითხოვს. სწრაფად უნდა შეგეძლოს აზროვნება,მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები,მაქსიმალურად უნდა შემცირდეს შენი მხრიდან შეცდომები . აქ მთავარია გუნდური მუშაობა და ერთობა. ძალიან რთული სამუშაო არაა, თუმცა თავისი სირთულეები, რა თქმა უნდა, აქვს. მე ასე ვხედავ – თუ გიყვარს საქმე რთული არაფერია. ძალიან მინდა, რომ უფრო მეტი ქალი რეინჯერი გვყავდეს საქართველოში,რადგან, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ქალების როლი ბუნების დაცვაში“,- ამბობს ახალგაზრდა რეინჯერი.
მარიამ გიორგაშვილი