ჭიათურის მუნიციპალიტეტში ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო გიორგაძემ გახსნა.
ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ სანიკიძე ესწრებოდნენ.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ჭიათურაში სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. შენობას აქვს შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსი. ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა, საარქივო მომსახურება და სხვ. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი. როგორც სხვა საზოგადოებრივ ცენტრებში, ჭიათურის ცენტრშიც განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები. მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები