ფონდი “ქართუს” ფინანსური მხარდაჭერით ატენის ხეობაში ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი “ქართუს” ფინანსური მხარდაჭერით ატენის ხეობაში ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციასხორციელდება. უკვე დასრულდა წეროსხევში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სრული რეაბილიტაცია. სარესტავრაციო პროექტის ფარგლებში, ტაძრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადების დაზიანებული ფრაგმენტები ნიჩბისის ახლად მოჭრილი ქვებით შეიმოსა. ამავე ქვით მოპირკეთდა გუმბათის ყელი და ეკლესიის კარნიზები.
ასევე, დაწყებულია ვერეს ხეობაში ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, არქეოლოგიური სამუშაოები განხორციელდა, რომლის შემდგომ დაგეგმილია ტაძრის აღდგენა. ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია თარიღდება VI საუკუნით, გადაკეთებულია XI საუკუნეში. შენობა სამნავიანი ბაზილიკაა (10,7 X 7,5მ) შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია წითელი და რუხი ფერის ქვით, გამოყენებულია შირიმის ქვაც.
ატენის ხეობის ისტორიული ძეგლები შიდა ქართლის რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ მოინახულეს. რწმუმებულის თქმით, გორის მუნიციპალიტეტი მდიდარია კულტურულ-ისტორიული ძეგლებით, მათი აღდგენა და პირვანდელი სახის დაბრუნება კი მეტად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა.