“9 მაისის გათენებას ყოველთვის სულმოუთმენლად ელის, ვინმეს გავახსენდებიო” – მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ლეჩხუმიდან

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 97 წლის ვენედიქტე კაბოსნიძე ცხოვრობს. „რეგიონული კვირა“ ომის გმირის ცხოვრებით დაინტერესდა და სახლში ესტუმრა. ვენედიქტე აივანზე დაგვხვდა, მაგიდაზე დამსახურებული ჯილდოები ამოელაგებინა და გველოდა. მიუხედავად იმისა, რომ წლებმა და ომმა ჯანმრთელობას კვალი დაატყო და კარგად ვეღარ ხედავს, შვილს დაეკითხა – „ტელევიზორში უნდა გამომიყვანონო?“.
97 წელი ომგამოვლილი კაცისთვის მცირე დრო არაა, მეტყველება ცოტა უჭირს, თუმცა მეხსსიერება ჯერ ისევ უჭრის და ქალაქების დასახელებები, რიგითი თანამებრძოლებისა და ხელმძღვანელების სახელები კარგად ახსოვს.

„ომში სულ პირველი გაწვევის დროს წამიყვანეს. უამრავი ქალაქი მოვიარე – ლენინაკანი, კიროვაკანი, კიროვოგრადი, თურქეთის საზღვრებთან მდებარე ქალაქებიც. ქართველთა დივიზიაში ვირიცხებოდი, მეთაური ქუთაისელი ოთარ ჭეიშვილი იყო, უფროსი ლეიტენანტი კი – ნაკაიძე. ბატალიონში 6 ქართველი მებრძოლი ვირიცხებოდით, ერთ დღეს ყუმბარა სატყორცნის ლულაში რომ ჩავდეთ, წევიდა, წევიდა და იქვე დაუხვია, მიმართულება იცვალა და ჩვენთან აფეთქდა. მთელი ქვები თავზე დაგვეყარა, თვალები და ყურები მაშინ დამიზიანდა, ამ შემთხვევას ორი ქართველი მებრძოლი – სანაია და რურუა ემსხვერპლნენ“, – ისხენებს ომგამოვლილი ვეტერანი.

ვენედიქტე კაბოსნიძე ომიდან 1945 წელს დაბრუნდა. ოჯახიც დაბრუნების შემდეგ შექმნა და 2 შვილი შეეძინა. მეუღლე 2005 წელს გარდაეცვალა. ჯანმრთელობაშერყეული მამის მისახედად ვაჟი, შუქრი, თბილისიდან საირმეში დაბრუნდა და ოთხი წელია მამის ცხოვრებით ცხოვრობს.
„დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მამას მარტო ვეღარ დავტოვებდი, თბილისში ოჯახი დავტოვე და 3 წელია მამის ცხოვრებით ვცხოვრობ. ვენედიქტე ლეჩხუმის უკანასკნელი ომის ვეტერანია,“ – ამბობს შუქრი.

ვეტერანის შვილი იხსენებს, რომ მამა ომის ამბებს და დაღუპულ მეგობრებს ხშირად ცრემლმორეული იგონებდა – საირმიდან წასული ვაჟკაცებიდან უკან მესამედიც ვეღარ დაბრუნდა.
ვენედიქტე კაბოსნიძე 9 მაისის დილას სულმოუთქმელად ელოდება, იცის ამ დღეს ვიღაც აუცილებლად მოძებნის, ომისა და მეგობრების გახსენება მოუწევს.
წელსაც ასე მოხდა – ცაგერის მერი და მხარის რწმუნებული ესტუმრნენ და გაახარეს.
„8 მაისიდან იწყებს კითხვის დასმას, ხვალე ხო 9 მაისიაო, ყოველწუთში მეკითხება – „9 მაისი როდის დადგება?“, უნდა ამ დღეს ვინმეს გაახსენდეს…მე კი მინდა, ჩემი გმირი მამა კიდევ დიდხანს მყავდეს”, – ამბობს შუქრი კაბოსნიძე.

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები