წყრუთისა და წირის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია უტარდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების – წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.
როგორც “რეგიონულ კვირას” ახალციხის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი გზის 1300 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება და სანიაღვრე არხები მოეწყობა.
“სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარე – გელა ნოზაძე და მოადგილე იოსებ კაპანაძე”,-წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.