მეთევზე ქალი მაღალმთიანი აჭარიდან და ლიფსიტების უძველესი ავზები
ქვეყანაში არსებული კორონავირუსის პანდემიის ფონზე, სოფლის მეურნეობის განვითარებას მეტი ყურადღება დაეთმო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოსახლეობა ქალაქიდან დიდი ხნის მიტოვებულ მამა-პაპისეულ სახლებში დაბრუნდა. ბოსტნეული, ხილი და სხვა კულტურების მოყვანის საჭიროებაც გახდა. ახლა მაღალმთიან აჭარაში დამუშავებული და გამწვანებული მიწის გარდა, მიტოვებულ საწარმოებში მოფუსფუსე ფერმერებსაც ნახავთ, რომლებმაც უძველესი ნაგებობები თავიანთი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენეს.
“რეგიონული კვირა“ ერთერთ ფერმერს გაგაცნობთ, რომელმაც ქედის მუნიციპალიტეტში თევზის უძველეს ავზებს რესტავრაცია ჩაუტარა და ლიფსიტების წარმოებაც დაიწყო. ახლაგაზრდა ფერმერმა ქალმა კორონავირუსის გავრცელებამდე დიდი ხნით ადრე ქედაში, სოფელ წონიარისში ტერიტორია იჯარით აიღო. მიტოვებული ადგილი აითვისა და საინკუბაციო საამქრო შექმნა. ახლა ავზებში ათასობით ჯანსაღი ლიფსიტა დაცურავს, რომელთაც სოფიო დიასამიძე ყოველდღიურად დიდი მზრუნველობით უვლის.
,,2010 წლიდან ვარ ამ სფეროში, ჯერ შევისწავლე თეორიული საკითხები, რომელსაც ადმინისტრაციული საკითხების დამუშავებაც მოჰყვა. ერთერთ მეურნეობაში 2012 წლიდან ვმუშაობდი. შემდეგ კი საჯარო სამსახურში გადავინაცვლე იგივე მიმართულებით, ეს ყველაზე მძიმე პერიოდი იყო, მივხვდი რომ ერთი ორგანიზაციის გამართვით, ერთი პრობლემის მოგვარებით მეთევზეობისთვის არ იქნებოდა სწორი მიდგომები. ამის გამო 2016 წელს შევქმენით ასოციაცია ორგანული აქვაკულტურის განვითარების, რის შემდეგაც, არცერთი დღე დაგვისვენია. ვცდილობთ რომ მაქსიმალური შედეგები დავდოთ და ერთერთი შედეგი ისაა, რასაც ახლა ხედავთ. ეს არის პირველი მეურნეობა რომელმაც დაიწყო განახლებულ გენეტიკაზე მუშაობა და რომელსაც აქვს იმის პრეტენზია, რომ იყოს სტაბილური მიმწოდებელი ფერმერებისთვის. ჩვენ ვართ ხარისხიანი მასალის მიმწოდებელი და ხელს შევუწყობთ ამ დარგის განვითარებას. მეთევზეობაში ბევრი პრობლემებია. ერთი რგოლის მოგვარებით პრობლემა არ სრულდება ის პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომელსაც აუცილებლად გავუმკლავდებით“, – ამბობს სოფო დიასამიძე.
ფერმერმა ადგილობრივი ქალებიც დაასაქმა და ერთდროულად რთულ და სასიამოვნო საქმეს ზედმიწევნით ასრულებენ. უკვე ერთი წელია რაც ლიფსიტების გამომყვანი საინკუბაციო საამქრო დაბრკოლებების გარეშე მუშაობს. წარმატებას კი ახალგაზრდა ფერმერი, ქალების თავდაუზოგავ შრომასა და პასუხისმგებლობის გრძნობასთან აკავშირებს. სოფიო დიასამიძის თქმით, სოფლად მცხოვრებმა ქალებმა დაამტკიცეს, რომ რაც უნდა რთულ საქმეს შეეჭიდონ შეუძლებელი არაფერია.
“სოფელ წონიარისში როცა ტერიტორია იჯარით ავიღე, ვიფიქრე რომ აქ ქალებს დავასაქმებდი, მათ აქვთ ეს პოტენციალი და დიდი პასუხისმგებლობითაც უდგებიან ნებისმიერ წვრილმანს. დიახ, ჩვენს ქვეყანაში გვაქვს იმის პრეტენზია რომ ჩვენც შეგვიძლია ჩვენი ჰიდრორესურსები გამოვიყენოთ და თევზის წარმოება დავიწყოთ. არ უნდა ვიყოთ სხვა ქვეყნებზე, იმპორტზე დამოკიდებულნი. ადგილზე უნდა ვაწარმოოთ თევზი. ეს არ არის მეორადი სასურსათო პროდუქტი, ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. თან სასიამოვნოა მასთან მუშაობაც. ჩვენ არამარტო მოშენებას ვცდილობთ, არამედ გვსურს კვებითი ღირებულებაც გავზარდოთ. ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი იყო თევზის ფესტივალი, რომელიც სამწუხაროდ წელს ვერ გავაკეთეთ, თუმცა თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, კორონავირუსიც დასრულდება, რიგით მე-4 ღონისძიებას სექტემბერში დავგეგმავთ.
თევზი ცოცხალი ორგანიზმია, რომელთანაც წუთით მოდუნებაც კი არ შეიძლება, იმიტომ რომ ყოველთვის დამოკიდებული ხარ გარემოპირობებზე. თითოეული თევზის მოძაობა, გასუფთავება, კვება ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რამდენადაც სწორად აუწყობ ფეხს ახალ გამოწვევებს. თუ ამ თანმიმდევრობას ზუსტად მიყვები უცილებლად გამოგივა. ქედა არის სასურველი ადგილი თევზმოშენებისთვის, რადგან ტერიტორია წყალუხვია. ამიტომაც ავიღე ეს საწარმო. ბევრი საწარმო გაჩერებულია სხვადასხვა მიზეზების გამო. ერთ ერთი მიზეზი არის ლიფსიტა. დაავადება, საკვები- უამრავი პრობლემაა, რის გამოც სწორედ აღარ ფუნქციონირებს საწარმოები“, – ამბობს სოფიო.
ახალგაზრდა ფერმერის ფინანსური მხარდამჭერი ორგანიზაცია CENN-ია. რომელიც სამი წლის განმავლობაში ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფს აყალიბებს.
“ორგანიზაცია CENN-ი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლის განვითარების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. სამი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში ჩამოვაყალიბეთ ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, ასევე შევიმუშავეთ ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, რომელმაც გამოავლინა პრიორიტეტული მიმართულებები და ოთხი საგრანტო კონკურსი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ფერმერს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ მონაწილეობა ამ კონკურსში და მიეღოთ დაფინანსება სხვადასხვა ინოვაციური პროექტების თვალსაზრისით. აგროკულტურის განვითარება ერთერთი პრიორიტეტულია“, – განაცხადა ორგანიზაცია CENN-ის მენეჯერმა ნინო გაფრინდაშვილმა.
სოფიო დიასამიძე ლიფსიტების რეალიზებას როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით ახდენს.
ფიქრია დავლაძე