ქუთაისში ცნობილი მხატვრის, ოთარ ქანდარიას ბიუსტი მოიპარეს. შემთხვევა საფჩხიის სასაფლაოზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ბიუსტი ღამის საათებში მოიპარეს. როგორც “რეგიონულ კვირას” მხატვრის მეუღლე -მანანა ლარცულიანმა განუცხადა, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
“საფლავზე მოქანდაკე რობერტ მნაცაკანიანის მიერ შესრულებული ბრინჯაოს ბიუსტი იდგა. სამწუხაროდ , ბიუსტი ადგილზე არ დაგვხვდა. პანდემიის გამო დაკეტილ სასაფლაოზე, მიმსვლელები მაინც აღმოჩნდნენ. ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ სათანადო ორგანოები. იმედია ბიუსტს იპოვიან. გაიძარცვა იმ კაცის , იმ ხელოვანის საფლავი ვინც მოსიარულე სიკეთესთან და სამართლიანობასთან ასოცირდებოდა”,- განაცხადა მხატვრის მეუღლემ.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 258-ე მუხლის, მე-2 ნაწილით დაწყო, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას ნიშნავს. აღნიშნული მუხლი 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.