გორში ნაცმოძრაობის ოფისის დაზიანების ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართელოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, 1969 წელს დაბადებული დ.შ. გორში ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ქალაქ გორში დ. გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, შიდა ქართლის რეგიონული ოფისის დაზიანების ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა. მომხდარ ფაქტს კი მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ. როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ შემთხვევა დღეს დილით მოხდა.