ლურჯი მოცვის ბუმი სამეგრელოში – კენკროვანი, რომელიც თხილზე გაცილებით დიდ მოგებას ტოვებს

ლურჯი მოცვის გაშენება საქართველოში წლიდან წლამდე უფრო პოპულარული ხდება. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში მოცვის პლანტაციები, დაახლოებით, 205 ჰექტარზეა იყო გაშენებული და მოსავლიანობამ 250 ტონას გადააჭარბა. დღეისათვის ზუსტად რა ფართობი უკავია მოცვის პლანტაციებს საქართველოში, უცნობია, თუმცა, როგორც კომპანია “ჯეოფრეშის” აგრონომი, მერაბ კუკავა გვეუბნება, სამეგრელოში ლურჯო მოცვის პლანტაციების ბუმი დაიწყო. წალენჯიხის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს რაიონებში ჩაისა და თხილის პლანტაციებს თანდათანობით ლურჯი მოცვი ანაცვლებს. მარტო ზუგდიდის რაიონში ლურჯი მოცვის პლანტაციების საერთო ფართობი უკვე 120 ჰექტარს აჭარბებს. როგორც კუკავა გვეუბნება, ამის მიზეზი ლურჯი მოცვის მაღალმოსავლიანობა და გასაყიდი ფასია. კუკავას თქმით, არც გასაღების ბაზრის მოძიება ჭირს. ლურჯ მოცვზე მოთხოვნაა როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზრებზე. სპეციალისტების განმარტებით, ლურჯი მოცვი ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი წყაროც შეიძლება, გახდეს. გარდა იმისა, რომ აგრონომია, მერაბ კუკავას საკუთარი, 3 ჰექტარზე გაშენებული პლანტაციაც აქვს და ამ ბიზნესის პერსპექტიულობაში ეჭვიც არ ეპარება. როგორც ის ამბობს, პირველი ნაბიჯები და პლანტაციის გაშენება საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, თუმცა მოგებაც საკმაოდ სოლიდურია.

1 ჰექტრის გაშენება და მისი მოვლა- პატრონობა რა ჯდება?

მინიმუმ, 60 ათასი ლარი, თუმცა მოქმედებს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა, მაგალითად, “დანერგე მომავალი”, ასევე, USAID- ის პროგრამა, რომელი ამ საქმიანობს დაწყების მსურველებს როგორც ფინანსურად, ასევე, რჩევა-დარიგებებით ეხმარება. ახლა ზუსტად არ მახსოვს, რამდენია ეს ფინანსური დახმარება, თუმცა, როგორც ვიცი, ცოტა ნამდვილად არაა. სარწყავი სისტემის მოწყობაში გეხმარებიან, ნერგებითაც.

1 ჰექტარზე მოსავლიანობა როგორია?

დაახლოებით, 10-12 ტონა. “ლეგასია” ასეთი ჯიში და ერთ ძირზე, დაახლოებით, 6 კილოგრამს იძლევა.

მოგების მარჟა როგორია, შემოსავლიანი ბიზნესია?

კი, რა თქმა უნდა.წარმოიდგინეთ, ერთ ჰექტარზე 10-12 ტონა მოგყავს. 10-15 ლარადაც რომ გაყიდო, 100-120 ლარის შემოსავალს გაძლევს. თხილთან შედარებაც არ შეიძლება. თან, რომ გადაყვე, 1 ჰექტარზე 2-3 ტონაზე მეტ თხილს ვერ მოიყვან და კილოგრამი, მაქსიმუმ, 5-7 ლარად იყიდება.

საქართველოს რომელი რეგიონებია უფრო ხელსაყრელი ამ კულტურისთვის?

დასავლეთ საქართველო. ლურჯ მოცვს ე.წ. მჟავე ნიადაგი სჭირდება. სამეგრელო, გურია და აჭარა ზედგამოჭრილია მისთვის.

ძირითადად, სად ყიდით პროდუქციას და რა რაოდენობით?

წელს კარგ მოსავალს ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ, დაახლოებით, 50 ტონას რუსეთში გავიტანთ. რეგიონის გუბერნატორი დაგვპირდა, რომ ტრანსპორტირებისას პრობლემები არ შეგვექმნება. შარშან სადღაც 40 ტონის გაყიდვა შევძელით, გასაღების ძირითადი ბაზარი ისევ რუსეთი იყო, თუმცა გაყიდვები გვქონდა როგორც ადგილობრივ, ასევე, ევროპის ბაზარზე.

რუსეთში რა ფასად იყიდება ერთი კილოგრამი, ადგილობრივ ბაზარსა და ევროპაში რა ღირს?

ევროპაში შარშან კილოგრამი 10-12 დოლარად იყიდებოდა. ადგილობრივ ბაზარზე, სადღაც, 14-16 ლარი ღირს. რუსეთში ერთ კილოგრამში 40 ლარის ეკვივალენტს იხდიან. როგორც ამბობენ, წელს ფასები მნიშვნელოვნად მოიმატებს, თუმცა რამდენით, ჯერჯერობით, ვერ გეტყვით.

კონკურენცია სად უფრო მაღალია – რუსეთში თუ ევროპაში?

ევროპაში, თუმცა გასაღების ბაზარი იქ უფრო დიდია, ვიდრე – რუსეთში. ევროპაში ის უპირატესობაც გვაქვს, რომ ჩვენთან მოსავალს სადღაც ერთი თვით, თვე-ნახევრით ადრე ვიღებთ.
პოლონეთსა და სერბეთს, ასევე, უკრაინას, რომლებიც ლურჯი მოცვის მსხვილი მწარმოებლები და ექსპორტიორები არიან, ამით ვჯობნით. თუ დროის ამ მონაკვეთში მოვასწრებთ ბაზარზე შესვლას, ფასიც მაღალი იქნება.

როგორც ვიცი, ლურჯი მოცვის სხვადასხვა ჯიში არსებობს. რომელი უფრო გაყიდვადია?

შეიძლება, ვცდები, მაგრამ, როგორც ვიცი, დაახლოებით, 10-მდე ჯიშია. ჩვენთან, ძირითადად, “ლეგასის” ჯიშს ანიჭებდნენ უპირატესობას. აქაურ ნიადაგსა და პირობებს კარგად შეეგუა, მოტკბო ნაყოფი აქვს და რუსეთში კარგად იყიდება. ევროპაში უფრო მჟავე გემოს ანიჭებენ უპირატესობას, “ლეგასი” იქ კარგად არ იყიდება, ამიტომ უკვე დავიწყეთ ევროპაზე ორიენტირებული ჯიშების კულტივაციაც.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები