მარნეულში პროფესიული კოლეჯი შენდება
მარნეულის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს. 150 სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის, ექნება თეორიული სწავლებისთვიდ აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. შენობა აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკით, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით. გარდა სასწავლო კორპუსისა, სასწავლებლის ეზო და ღია სპორტული მოედანი კეთილმოეწყობა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, ქალაქ მარნეულში, პროფესიული კოლეჯის მშენებლობის პროცესს, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
რეგიონში, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – კოლეჯი „მოდუსი“ მოქმედებს, რომელიც ქალაქ რუსთავში მდებარეობს. მარნეულში მშენებარე კოლეჯი „მოდუსის“ ფილიალი იქნება და, მნიშვნელოვნად გაზრდის მხარეში, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება