თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიქთარვაში ახალი სკოლის მშენებლობა დაათვალიერა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი სიქთარვაში იმყოფებოდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
ლაშა გოგიაშვილი სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ დიანა ფოცხვერაშვილთან, მერის წარმომადგენელ გიზო ხანიაშვილთან, დეპუტატ კონსტანტინე ამაშუკელთან ერთად სოციალურად შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს ეწვია, სასურსათო კალათა გადასცა, ყოფით პრობლემებზე გაესაუბრა და ჯანმრთელობა უსურვა.
ლაშა გოგიაშვილმა, ასევე სიქთარვის საჯარო სკოლის მშენებლობა დაათვალიერა, სკოლის დირექტორ ია კვატაიასა და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად პროექტის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელა.
150 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლისათვის მიიღებს. მშენებლობაზე, რომელსაც შპს “ალიანსი” ასრულებს, განათლების სამინისტროდან გამოყოფილი 2 416 000 ლარი დაიხარჯება.