“მეზღვურები სწორედ ის ძალაა, რომელმაც მსოფლიოს გაჩერების უფლება არ მისცა“ – 25 ივნისი მეზღვაურთა დღეა
25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ აღინიშნება. ამ დღეს აჭარაში, წლების განმავლობაში, სსიპ ,,საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა“ და ,,ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ ორგანიზებით, მასშტაბურად აღნიშნავენ. თუმცა წელს, ქვეყანაში განვითარებული კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიებები არ იგეგმება.
33 წლის ბათუმელი ირაკლი შაქარიშვილი 10 წელია რაც მეზღვაურია. მან ამ დროის განმავლობაში არაერთი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემზე იმუშავა. უამრავი შტორმისა თუ დაბრკოლების მიუხედავად, პროფესიაზე უარი არასოდეს უთქვამს. პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ მეზღვაურს აკისრია, მისთვის მამოძრავებელ ძალად იქცა.
,,დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მე მიყვარს ჩემი პროფესია და ვარ ამაყი, რომ მქვია მეზღვაური”,- ამბობს ირაკლი შაქარიშვილი.
მისი თქმით, აღნიშნული პროფესია საზღვაო სფეროს მამოძრავებელი ძალაა, რომელიც გლობალურ ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
,,ძლიერი მეზღვაური ძლიერი ოჯახია და ბევრი ასეთი ოჯახი ქვეყნის სიძლიერეს ნიშნავს. ჩემი პროფესია საზღვაო სფეროს მამოძრავებელი ძალაა და ჩვენი წვლილი გლობალურ ეკონომიკაში ძალიან დიდია. დღევანდელ დღეს ყოველთვის დიდი სიხარულით ველოდებით თითოეული მეზღვაური, უკვე მეათე წელია ვღნიშნავთ. შექმნილი ვითარების გამო წელს არაღინიშნება, 25 ივნისს არამარტო მეზღვაური არამედ თითოეული ბათუმელი ენთუზიაზმით ხვდება. მინდა მადლობა გადაუხადო საზღვაო ადნიმისტრაციას ვინაიდან ისინი ჩვენს შრომას აფასებენ. ასევე ვულოცავ თითოეულ მეზღვაურს პროფესიულ დღეს, ვუსურვებ კარიერულ წარმატებას და რაც მთავარია დაფასებულ შრომას
ნებისმიერი მეზღვაურის ზურგზე დგას აჭარა და არა მხოლოდ ეს რეგიონი. 10 წელია სიამოვნებას მანიჭებს ეს საქმე, როცა ხვდები რომ თითოეული ქმედებით სხვას ეხმარები ეს უდიდესი შეგრძნებაა. უამრავი დაბრკოლება და შტორმის მომსწრე გავმხდარვარ, იყო მომენტი, როდესაც ფიქრობ რომ ყველაფერი დამთავრდა და სიკვდილს თვალებში უყურებ მაგრამ ადამიანების სიცოცხლე როცა გაბარია ძლიერდები. არავინ თქვას რომ ზღვის არ ეშინია. შიში აუცილებელიცაა, რადგან ასე ბევრად ფრთხილად ხარ“,-ამბობს კაპიტნის პირველი თანაშემწე ირაკლი შაქარიშვილი.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ბათუმის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განცხადება გაავრცელა.
,,მეზღვაურები საზღვაო სფეროს მამოძრავებელი ძალაა და მათი წვლილი გლობალურ ეკონომიკაში ძალიან დიდია. პანდემიის გამო შექმნილ უპრეცედენტო ვითარებაში სწორედ მეზღვაურების გამძლეობის, მოთმინებისა და ერთგულების წყალობით მსოფლიო ლოჯისტიკური ჯაჭვი არ შეწყვეტილა. ქვეყნებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტები -საკვები და მედიკამენტები უწყვეტად მიეწოდებათ. მეზღვურები სწორედ ის ძალაა, რომელმაც მსოფლიოს გაჩერების უფლება არ მისცა“- ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
მეზღვაურთა ღვაწლის დასაფასებლად – 25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) გამოაცხადა. ამ დღეს მსოფლიო 2011 წლიდან აღნიშნავს.
საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს მონაცემებით. საქართველოში 12 000 მეზღვაურია.