ჩირის საშრობი აპარატის პირველი ქართული ანალოგი – გაიცანით 34 წლის ბიომეწარმე გორიდან

2014 წლიდან საქართველოში წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოთხოვნა, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ სარეალიზაციო ბაზარზე იზრდება, შესაბამისად, სოფლის მეურნეობაში ბიოპროდუქციის მწარმოებელთა რიცხვიც გაიზარდა. “რეგიონული კვირა“ გორში მცხოვრებ 34 წლის ბიომეწარმეს – ბადრი ციქუბაძეს გაგაცნობთ, რომელსაც ბოლო 4 წელია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია მოჰყავს.
პროფესიით იურისტის და სოციალური მუშაკის ბიომეურნეობამ  გარდამავალი პერიოდი გაიარა, რაც ყველა ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობისთვის აუცილებელი პირობაა. ამ არცთუ მარტივი პერიოდის გავლაში კი საკუთარი პროფესია და ხალხთან კომუნიკაციის უნარი დაეხმარა. როგორც თავად ამბობს, ბიოპროდუქციის წარმოება ქიმიური სასუქებისა და შხამქიმიკატების გამოყენებას გამორიცხავს,  ბიომეურნეობის მომიჯნავე ტერიტორიაზეც კი.
“პროფესიით იურისტი ვარ, სოციალური მუშაკი, თუმცა მე-4 წელია ბიომეურნეობა დავიწყე და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას იურისტის და სოციალური მუშაკის სფეროში ამ საქმიანობას ვახმარ. სოციალური მუშაკის გამოცდილება მეხმარება კომუნიკაციაში. ვისაც უმუშავია სოფლის მეურნეობაში, განსაკუთრებით ბიოწარმოებაში, კარგად იცის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციას. მაგალითად, მეზობელთან კომუნიკაცია, თუნდაც შენი ბაღის გვერდით  რომ არ შეწამლონ, რათა დაიცვა ის ბიოსტანდარტები, რომელთა დაცვაც აუცილებელია ბიოპროდუქციის წარმოებისას.
როდესაც ბიომეურნეობას მოჰკიდებ ხელს შემდეგი სწორი ნაბიჯი არის ბიოწარმოება, იმიტომ რომ პირველადი პროდუქცია არის ძალიან დაბალი ღირებულების და შესაბამისად ამოღება იმ შენი შრომის შეუძლებელია. საქართველოში უჭირს ხალხს ეკონომიკურად და იმდენად ძვირი გამოდის, თავისი სპეციფიკიდან ბიოპროდუქცია, რომ აუცილებელია ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელიც ხანგრძლივად შეინახება და შემოსავალსაც მოგიტანს. უკვე მეორე წელს დავფიქრდი იმაზე, რომ მეწარმოებინა ჩირი, რომელიც ხანგრძლივი პერიოდითაც შეინახებოდა და სარეალიზაციოდაც უფრო მეტ ამონაგებს მომიტანდა ჩემი შრომიდან.
სირთულეებს ვაწყდები, რა თქმა უნდა. დღესდღეობით, სოფლის მეურნეობაში გვაქვს პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც ამ სფეროში დასაქმებულთა ცნობიერება, რომელიც საჭიროებს ამაღლებას, თუნდაც შხამქიმიკატების მოხმარების წესების დაცვის კუთხით. ადამიანებს შეაქვთ ბაღებში სხვადასხვა პესტიციდები, შხამქიმიკატები, ჰერბიციდები. რომელთა შესახებაც დიდი წარმოადგენა არ აქვთ, უბრალოდ იციან რომ უნდა შეიტანონ“, – ამბობს ბადრი ციქუბაძე.

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანის შემდგომ, ბადრის საკუთარი  ბიომოსავლიდან ჩირის გაკეთებისა და რეალიზაციის იდეა გაუჩნდა, თუმცა ჩირის საშრობი აპარატის შეძენა, ბაზარზე არსებული მაღალი ფასების გამო ვერ შეძლო. როგორც თავად აღნიშნა, სწორედ ამის შემდგომ დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობა და ინტერნეტში აღნიშნული აპარატის შესახებ ინფორმაციის მოძიება. ხანგრძლივი შრომის შედეგად კი ახალგაზრდა ბიომეწარმემ არსებული მოთხოვნების სრული დაცვითა და გათვალისწინებით ჩირის საშრობი აპარატი   საკუთარი დიზაინით შექმნა, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა კულტურის ბიოპროდუქციისგან ჩირის მრავალ სახეობას, ჩაისა და სამკურნალო მცენარეებს ამზადებს და ქვეყნის მასშტაბით რეალიზაციას ახდენს.

ბადრი ციქუბაძის მიერ შექმნილი ჩირის საშრობი აპარატი ქართულ ბაზარზე  გაცილებით ნაკლები ღირს, ვიდრე უცხოეთიდან იმპორტირებული, შესაბამისად ინოვაციური საშრობი აპარატი სულ მალე ქართული ტექნიკის  ბაზარზე  კიდევ უფრო დახვეწილი დიზაინითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოჩნდება.

„გადავწყვიტე მოყვანილი ხილისა და ბოსტნეულისგან მეწარმოებინა ჩირი და ბაზარზე არსებული საშრობი აპარატებიდან ვერცერთს შევწვდი. რამდენიმე კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა და როგორც ჩანს არ ჩაჯდა ამ პროექტის მოთხოვნებში. გადავწყვიტე თვითონ მომეძიებინა და ინტერნეტი გვაძლევს ამის საშუალებას, გავაკეთე ჩემთვის სასურველი დიზაინის საშრობი, ავაწყვე და დავიწყე ტესტირება. დღეს უკვე მაქვს საბოლოო ვარიანტი, რომელიც იდეალურ შედეგს მაძლევს, როგორც ხილის გამოსაშრობად, ასევე სამკურნალო მცენარეების. აქ გამოშრობა ხდება დაბალ ტემპერატურაზე და მაქსიმალურად ვინარჩუნებთ ხილსა თუ ბოსტნეულში სასარგებლო თვისებებს.
პირველად ვაწარმოე ჩირი, შემდგომ ეტაპზე სამკურნალო ბალახეული და ჩაი. წელს უკვე წარმოდგენილი ვარ ჩირის ასორტით. რაც შეეხება სარეალიზაციო ბაზარს, ფაქტობრივად, სრულიად საქართველოს მასშტაბით ვახდენ ჩემი პროდუქციის რეალიზებას.
სამომავლოდ  დაგეგმილი მაქვს ჩემი წარმოების გაზრდა, მით უმეტეს თუ გაქვს ბიომეურნეობა ვერ გექნება მასობრივი წარმოება, ეს არის ურთულესი და შრომატევადი წარმოება, მეყოლება მცირე სეგმენტი, რომელიც სტაბილურ გაყიდვებს უზრუნველყოფს. მაქვს მაკეტი გაკეთებული და ველოდები დაფინანსებას საშრობი აპარატების სარეალიზაციოდ. ქართულ ბაზარზე წარმოებული საშრობი აპარატები ფინანსურად ძვირია, ჩემი წარმოებული საშრობი აპარატები მინუმუმ 3-4-ჯერ იაფი გამოვა, ვიდრე უცხოეთიდან იმპორტირებული ღირს. ამ ეტაპზე ვფიქრობ ვიზუალი დავხვეწო, რადგან მყიდველთა უმეტესობა ყურადღებას სწორედ ვიზუალს აქცევს. ჩემი გაკეთებული საშრობი აპარატი აკმაყოფილებს ყველანაირ მოთხოვნას, ექსპერტიც იყო, რომელმაც დაადასტურა, რომ ეს აპარატი ტექნიკურად გამართულია და საკმაოდ კარგი აპარატია“, – უყვება “რეგიონულ კვირას” ბიომეწარმე.

ახალგაზრდა მეწარმემ სოფლის მეურნეობის განვითარების საკუთარ ხედვებზეც ისაუბრა. მისთვის მიუღებელია ქართველი გლეხის  მხოლოდ თოხთან და ბართან ასოცირების სტერეოტიპი. ახალგაზრდა ბიომეწარმისთვის აუცილებელია, მიწასთან მომუშავე ადამიანისთვის ცნობიერების დონის ამაღლება, რომელიც სოფლის მეურნეობის სისტემურ განათლებას გულისხმობს.  მისი თქმით, დღესდღეობით გლეხისთვის ერთერთ უმთავრეს პრობლემას საბაზრო მოთხოვნების არცოდნა, სარეალიზაციო პროდუქციის სტატისტიკის არქონა და ასევე, მიწის პრივატიზაცია წარმოადგენს. როგორც ბადრი ციქუბაძე აღნიშნავს, მიწაზე მომუშავე ადამიანს ჯერ მიწის სიყვარული, შემდეგ კი სოფლის მეურნეობის დარგში არსებული საერთაშორისო მეთოდების და ტექნოლოგიების გაცნობისა და გაზიარების სურვილი უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თავად ამბობს, მთელი წლის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი „რაც დავთესე, ისევ ის მოვიყვანე“- იქნება.

 

ნინო ბერძენიშვილი

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები