სუს-მა ქუთაისის მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქუთაისის მერიის  ა(ა)იპ-ის​ თანამშრომელი დააკავა. დაკავებულია კულტურის ა(ა)იპ-ის დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო დიდების მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი ბ. ხ. მერიის ა(ა)იპ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის – ვაჟა ჯუღელის განცხადებით, დაკავების ზუსტი მიზეზი მისთვის უცნობია.

“ინფორმაცია მივიღე მოადგილისგან, რომელიც შეესწრო ამ ფაქტს. დაკავებულია ჩვენი თანამშრომელი, კულტურულ- სახელოვნებო საგანმანათლებო დაწესებულებათა გაერთიანების, სამხედრო დიდების მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი, რომელიც ჩვენს ა(ა) იპ- ში ხელშეკრულებით მუშაობს. თუ რას უკავშირდება დაკავება, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მგონი წინა წლებში მომხდარ თაღლითობის ფაქტს, თუმცა, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით”,- განუცხადა “რეგიონულ კვირას” ჯუღელმა.

დაკავების ფაქტზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

“სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2020 წლის 24 ივნისს თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქ. ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, მოქალაქეს ქ. ქუთაისის მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ 800 ლარი მოსთხოვა, საიდანაც თანხის ნაწილი 400 ლარი წინასწარ გამოართვა. გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები