“დეკორატიულ თეფშებზე ტურისტი თავად ხატავს”- თბილისელი მხატვრის საოჯახო სასტუმრო თეთრიწყაროში
49 წლის თანამედროვე ქართველმა მხატვარმა -ია არსენიშვილმა ქართული ბატიკის ხელოვნების განვითარებასა და ისტორიაში დიდი წვლილი შეიტანა. მისი ნამუშევრები „ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში“ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე ხელოვნების გალერეასა, თუ კერძო კოლექციაშია დაცული. იას მართალია სახელოსნო თბილისში აქვს, მაგრამ თეთრიწყაროს ხშირად სტუმრობს. როგორც ის „რეგიონულ კვირასთან” საუბარში ამბობს, მხატვრისთვის ყველაზე დიდი აღიარებაა, როდესაც სიცოცხლეში დააბინავებს ნამუშევრებს.
„სახელოსნო თბილისში მაქვს და ძირითად ტილოებს იქ ვქმნი, თეთრიწყაროში ჩამოსულს ძალიან მიყვარს დეკორატიულ- გამოყენებითი ხელოვნება, ნივთების მოხატვა. ხატვის გარეშე ვერც კი წარმომიდგენია, როგორი შეიძლება ყოფილიყო ჩემი ცხოვრება. იმდენად ემოციური ვარ, რაღაც რომ მიხარია, ან მოწყენილი ვარ, უნდა დავხატო, რადგან სიტყვებით და ქცევებით შეიძლება ვერ გამოვხატო ჩემი ემოცია და ისევ ფუნჯები და ტილო მეხმარება. ბავშვობიდან ვხატავ და იმდენად მიჩვეული ვარ, რომ ეს უკვე ცხოვრების წესად ჩამომიყალიბდა“,– გვიყვება ია არსენიშვილი.
თანამედროვე მხატვარს უამრავი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული. ავტორია არაერთი პერსონალური გამოფენისა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ხელოვანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საოჯახო სასტუმრო „მხატვრის სახლის“ მფლობელია, რომელსაც ქვემო ქართლსა და ჯავახეთში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. მისი თქმით, ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ და „მხატვრის სახლს“ აღფრთოვანებულები ტოვებენ.
კორონავირუსის პანდემია იას სასტუმროსაც შეეხო და სტუმრების მიღება შეფერხდა, თუმცა ჯანდაცვის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციის დაცვით, დიასახლისი ახალი ნაკადის მისაღებად აქტიურად ემზადება.
„ტურიზმი არანაკლებად მიყვარს, სწორედ ამიტომ, გადავწვიტე, საოჯახო სასტუმროს გაკეთება. ტურისტებთან ურთიერთობით ბევრ რამეს ვსწავლობ. სულ ხატვაც არ შემიძლია, ზამთარში თუ ვხატავ მერე ცოტახანს დასვენება მჭირდება. სწორედ ამ დროს ვუთმობ ტურისტებს და მათგან დადებითი ენერგიით დამუხტული ვქმნი ახალ ნამუშევრებს“,- გვიყვება მხატვარი .
როგორც ია ამბობს, მასთან მისული სტუმრები თეფშებს საკუთარი ხელით ხატავენ და სუვენირის სახით, სამახსოვროდ მიაქვთ.
„დეკორატიული თეფშები ერთ-ერთი სერვისია ჩვენ სასტუმროში. სახვით და დეკორატიულ – გამოყენებითი ხელოვნების ყველა სფეროში ვაკეთებთ მასტერკლასებს. ყველაზე პოპულარულია დეკორატიულ თეფშებზე თბილისის ხედის მოხატვა. ტურისტი თავად ხატავს 3-4 საათში. ყველაზე მეტად, ჩემი აზრით, ეს სერვისი მოსწონთ „მხატვრის სახლის“ სტუმრებს“,- გვითხრა მხატვარმა.
ია არსენიშვილი საქველმოქმედო აქციებშიც აქტიურადაა ჩართული. კორონავირუსის პერიოდში, მხატვარმა გადაწყვიტა სამი ნამუშევარი გაეყიდა და მოწყვლად ოჯახებს და იმ ბავშვებს, ვისაც კომპიუტერი არ ჰქონდა, დახმარებოდა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მხატვრობით მცირე წვლილი შევიტანე ადამიანების დახმარებაში. ვცდილობ, ყოველწელს გავაკეთო საქველმოქმედო აქცია ჩემი ნახატებით და მცირედით მაინც შევძლო, იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება“,- ამბობს თანამედროვე მხატვარი.
მარიამ გიორგაშვილი