ცნობილი ფოტოს უცნობი ისტორია – “რეგიონული კვირის” სიუჟეტი
ცნობილმა ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ჯონ ჯონსმა 1993 წელს აფხაზეთის ომის შემდეგ საკუთარი მიწა-წყლიდან დევნილი ქართველები ჭუბერის უღელტეხილზე აღბეჭდა და მათი ფოტოები მსოფლიოს გააცნო, თუმცა ისტორიები ჯერ კიდევ უცნობია საზოგადოებისთვის. “რეგიონული კვირა” ერთერთ ფოტოზე გიამბობთ.
ჯემალ კოპალიანია ცაგერში, ჭუბერის უღელტეხილის გადმოვლის შემდეგ წლები ცხოვრობდა. ის ცოცხალი აღარაა, მაგრამ მისი მეუღლე თეაზა კოპალიანი, ახლაც ცაგერში, ოჯახთან ერთად დევნილების სასტუმროში ცხოვრობს და ფოტოს ისტორიას გვიყვება.
“ჩვენი ოჯახი სოხუმში, ზემო კელასურში ცხოვრობდა, ომმა ათასობით ქართველთან ერთად იძულებული გაგვხადა ჭუბერის უღელტეხილით თავი სამშვიდობოს დაგვეღწია. 28 სექტემბერს დავტოვეთ აფხაზეთი „-იხსენებს თეაზა კოპალიანი და იმ დღეებზე გვიამბობს, რომელიც ჭუბერ-საკენის გზაზე გამოვლისას მწარედ დაამახსოვრდა.
სიცივე, გაუსაძლისი კლიმატი, შიმშილი,საატობით შეუჩერებლად სიარული და ბუნდოვანი მომავალი – ეს მცირე ჩამონათვალია, თუმცა თეაზა გვიყვება ყველაზე მძაფრი მოგონება შიში იყო.
„ ყველაფერს ვუმკლავდებოდით შიშის გარდა. როგორია, როცა გზაში უამრავი მკვდარი გხვდება ყველა ნაბიჯზე, მიცვალებულები ისე ეყარა, ვითომ აქაც არაფერი. ძალიან ბევრი გარდაცვლილი ადამიანი ვნახე-ახალგაზრდებიც და მოხუცებიც.. ღამე ძილიც კი მათ გარემოცვაში გვიწევდა“, – ახლაც შიშნარევი ხმით იხსენებს დევნილი ქალი.
სოხუმიდან წამოსულმა ოჯახმა ცაგერში 8 ოქტომბერს ჩამოაღწია და დევნილებთან ერთად ერთრთ შენობაში დაფუძნდა. მაშინ ეს სასტუმრო იყო, მოეწყვნენ, შიდა მეურნეობაც წამოიწყეს.
ჯემალი 2 წლის წინ, 64 წლის ასაკში ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა. თეაზას და ჯემალს ორი შვილი ჰყავთ, შვილიშვილებიც. სოხუმიდან წამოსვლისას წარსულის მოსაგონებლად თეაზამ საოჯახო ალბომის ფოტოები თან წამოიღო, ახლა მაგიდაზე უდევს და განსაკუთრებით იმ ფოტოზე გვიამბობს, რომელმაც მსოფლიო გამოფენები მოიარა.
„ფოტოზე ჩემი ქმარია აღბეჭდილი, გადაღების მომენტიც გუშინდელივით მახსოვს, უკან ფონზე ჩვენ ვართ სადღაც, ჭუბერის უღელტეხილზე უცხოელი ჟურნალისტები და ფოტორეპორტიორები გვხვდებოდნენ და გვიღებდნენ, ეს ფოტოც იმდროინდელია, ჩემი დისშვილი სამხედრო პირია, ამერიკაში ერთერთი მივლინებისას გამოფენაზე თურმე ეს ფოტო ნახა და სიხარულით დამირეკა, ბიძაჩემი აქ აღმოვაჩინეო. მერე და მერე სადღა აღარ გავრცელდა , 27 სექტემბერს თბილისში ბანერებზეც ამას აკრავენ ხოლმე“, – გვიყვება თაიზა.
ფოტოს პოპულარობას ჯემალიც მოესწრო, მასთან მისულ ნებისმიერ სტუმარს სიამაყით აჩვენებდა თურმე, ამაყობდა ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ის რომ გამოარჩია უამრავი ადამიანიდან.
თაიზა და ჯემალ კოპალიანის შვილებს აფხაზეთი დღემდე ახსოვთ და ენატრებათ, ბიჭი 19 წლის იყო როცა აფხაზეთი დატოვეს, დღემდე აფხაზეთის სანაპიროს ხატავსო, ამბობს თეაზა.
„აფხაზეთი მე და ჩემს 2 შვილს არასოდეს დაგვავიწყდება, არ არსებობს დღე, როცა იქაურობას ტკბილად არ ვიხსენებდეთ“, – ცრემლმორეული გვემშვიდობება დევნილი კოპალიანების დიასახლისი.
მარინე სვანიძე