რთველი 2020 – ყურძნის რა ფასია მისაღები გლეხებისათვის და რა – ღვინის ქარხნებისათვის

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს რთველის სუბსიდირებაზე 60 მილიონი ლარი დაიხარჯება და სუბსიდია მხოლოდ “რქაწითელის” ჯიშის ყურძენზე გავრცელდება. რა ეღირება ერთი კილოგრამი ყურძენ ი- უცნობია. კახელი ფერმერების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ 1 კილოგრამი 80 თეთრზე ნაკლები არ უნდა ღირდეს. მათი თქმით, სხვა შემთხვევაში, ისინი მოსავლის ხარჯებსაც კი ვერ აინაზღაურებენ. განსხვავებული პოზიცია აქვთ მეღვინეებს. მათი აზრით, ზოგადად, სუბსიდირება ხელს უშლის განვითარებას. ის სოციალური აქციაა და მოტივაციას აცლის გლეხს, რომ ხარისხიანი ყურძენი მოიყვანოს. რას ფიქრობენ სუბსიდირებაზე და რა თანხა შეიძლება გადაიხადონ ღვინის ქარხნებმა ერთ კილოგრამში, ამ საკითხზე „თბილღვინოს“ გენერალურ დირექტორს, ზურა მარგველაშვილს ვესაუბრეთ.

რთველის სუბსიდირებისათვის 60 მილიონი გამოიყო, თუმცა უცნობია, რა ეღირება 1 კილოგრამი. გლეხები 80 თეთრს ითხოვენ. რამდენად ადეკვატურია მათი ეს მოთხოვნა?

– საერთოდ, სუბსიდირება არის განსაკუთრებული შემთხვევა და ეს არ არის ჯანსაღი პრაქტიკა. ვინაიდან წელს ჭარბი მოსავალია და თან პანდემიის გამო არაორდინალურ სიტუაციაში აღმოვჩნდით, სუბსიდირებას აქვს გამართლება. გლეხებს რომ 80 თეთრი უნდათ, გასაგებია, მაგრამ ხვალ შესაძლოა, 2 ლარი მოუნდეთ. რეალობიდან უნდა ამოვიდეთ. ჩვენ, კომპანიებმა რა უნდა ვქნათ? მაშინ ჩვენ 30 თეთრი გვინდა. ბაზარმა უნდა დაარეგულიროს ეს ყველაფერი. სუბსიდია ეხმარება გლეხს რეალიზაციაში, მაგრამ მეეჭვება, ვინმემ 80 თეთრი გადაიხადოს.

სუბსიდია მოტივაციას აცლის გლეხს, რომ ხარისხიანი ყურძენი მოიყვანოს. ჩვენ, კომპანიებს სუბსიდიას გვაძლევენ 25 თეთრს. მერე მე ვწყვეტ, ამ 25 თეთრს რამდენი დავამატო, რომ ვიყიდო ხარისხიანი ყურძენი. წელს მოსავალი დიდია, მოთხოვნა – ნაკლები. ამიტომ 80 თეთრი არაადეკვატური თანხა მგონია. შარშან შედარებით მაღალი მოთხოვნის პირობებში კილოგრამი 70 თეთრი ღირდა.

„თბილღვინო“ რა რაოდენობის ყურძენს ჩაიბარებს?

ეს აგვისტოს ბოლოს გვეცოდინება. 260 ჰექტარზე ცოტა მეტი გვაქვს საკუთარი ვენახები. მეტი წილი “საფერავია”. როგორი მოსავალი გვექნება, იმის მიხედვით გადავწყვეტთ, რამდენი შევიძინოთ.

კოვიდპანდემიის გამო , გასაღების ბაზრები ხომ არ შეგიმცირდათ?

გაყიდვები ადგილობრივ ბაზარზე 60-70 %-ით შემცირდა. რაც შეეხება ექსპორტს – აქ მეტი სტაბილურობაა და კოვიდამდე დაგეგმილი პარამეტრები სრულდება. ზოგან ექსპორტი გაგვეზარდა, ზოგან შემცირდა. ასე რომ, საწუწუნო არაფერი გვაქვს, ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.

ადგილზე გაყიდვების კლება რამ გამოიწვია?

ტურისტების ნაკლებობამ, ასევე, თითქმის უფუნქციოდ დარჩენილმა კაფე-ბარებმა და რესტორნებმა. კოვიდით გამოწვეული კარანტინის პირობებში, ყველა სახლში იყო და გაყიდვებიც შემცირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები