ხმაური ფოთის ბაზარში – მოვაჭრეები დახლების აღებას აპროტესტებდნენ
ფოთის ბაზარში წუხელ, გვიან ღამით მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ცენტრალური გზის გათავისუფლების მიზნით, ვაჭრობისთვის განთავსებული დახლების აღება დაიწყეს, რასაც მოვაჭრეების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, დახლების დემონტაჟი მათთან შეუთანხმებლად მოხდა.
“მაღაზიების წინ დახლები გვაქვს განთავსებული, რომელსაც, როგორც მითხრეს, ანგრევდნენ. გამოვიქეცი სახლიდან, რომ ჩემი დახლები გადამერჩინა. როგორც ამიხსნეს და მითხრეს, ეს ყველაფერი უსაფრთოების წესების დაცვის გამო ხდება. ამბობენ, რომ თუ ეს ტერიტორია არ გათავისუფლდა, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში სახანძროს მანქანები ვერ შემოვა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დახლები ამას ხელს არ უშლის. ჩვენ სადაც ვიდექით იქ ვდგავართ, არაფერი დაგვირღვევია”, – განაცხადა მოვაჭრე რიტა ლაგვილავამ.
ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროცესი გარე ვაჭრობის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით ხორციელდება.
„ფოთის მუნიციპალიტეტი პერმანენტულად ახორციელებს გარე ვაჭრობის მოწესრიგების ღონისძიებებს. ამჯერადაც, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით ხდება ბაზრის ტერიტორიაზე შიდა გზების გათავისუფლება და ტერიტორიის მოწესრიგება. აღნიშნული ღონისძიების თაობაზე მოვაჭრეები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული”, – აცხადებენ ფოთის მერიაში.