კაკლის ბაღები – მომგებიანია თუ არა და რა თანხაა საჭირო მათ გასაშენებლად

თუ სოფლის მეურნეობაში გარკვეული თანხის დაბანდებას, ანუ ფერმერობას გადაწყვეტთ, კაკლის ბაღების გაშენება შესაძლოა, კარგი იდეა იყოს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, როგორც მსოფლიო, ასევე, ადგლობრივ ბაზარზე მოთხოვნა დიდია და მოსავლის რეალიზაციას უპრობლემოდ შეძლებთ. მაგალითად, ქართული ჰიპერმარკეტები წელიწადში, დაახლოებით, 100-150 ტონა კაკლის გულს ყიდიან, ხოლო, საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 700-დან 900 ათას დოლარამდე კაკლის იმპორტი ხორციელდება.

სპეციალისტების განმარტებით, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ადგილობრივი ბაზარი დეფიციტურია და წარმოება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. როგორც დარგის სპეციალისტები აცხადებენ, საქართველოში კაკლის ბაღების გაშენება სულ უფრო პოპულარული ხდება და საინვესტიციო მიმზიდველობით განსაკუთრებით “ჩანდლერის” ჯიში გამოირჩევა.

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის ხელმძღვანლის, ზვიად ბობოქაშვილის კვლევაშია აღნიშნული, 1 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენება, დაახლოებით, 6500-7500 ლარი ჯდება (სარწყავი სისტემის გარეშე). ბაღის წლიური მოვლის საორიენტაციო ხარჯები 4700 ლარს აღწევს. ამას ემატება მოსავლის აღება და სარეალიზაციოდ გასამზადებელი ხარჯები, რაც კილოგრამზე, დაახლოებით, 50 თეთრის ხარჯს გულისხმობს. როგორც ზვიად ბობოქაშვილის კვლევაშია მითითებული, ყველა ხარჯის გათვალისწნებით, 1 ჰექტარზე გაშენებული კაკლის ბაღიდან სავარაუდო შემოსავალი 24 ათას ლარს მიაღწევს. სპეციალისტების გათვლებით საშუალო მოსავლის პირობებში მოგება 7 ათასს, ხოლო მაღალი მოსავლის შემთხვევაში მოგება 10 ათას ლარს მიაღწევს.
როგორც “აგროსოლუშენსის” კვლევაშია აღნიშნული, საქართვეოში კაკლის ყოველწლიური წარმოება, დაახლოებით, 6 ათასი ტონაა და, ბოლო დროს გაშენებული ბაღების გათვალისწინებით, უახლოეს წლებში ქვეყანა 10 ათასი ტონის წარმოებას შეძლებს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თუ ეს ტენდენცია, ანუ კაკლის ბაღების გაშენება გაგრძელდება, საქართველო კაკლის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი გახდება. თუმცა, სპეციალისტები ექსპორტის ხელისშემშლელ რამოდენიმე გარემოებასაც ასახელებენ. მათი თქმით, კომერციული ბაღების სიმწირე და გადამამუშავებელი საწარმოს არარსებობა, ასევე, მუდმივი და სტაბულური მიწოდების დაბალი პოტენციალი ექსპორტის გაზრდის საშუალებას არ იძლევა. გარდა ამისა ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ არსებობს კაკლის სატეხი და დამხარისხებელი დანადგარები.

როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე ქართული კაკლის მთავარი მომხმარებლები აზერბაიჯანი და სომხეთია. ოფიციალური სტატისტიკით, ექსპორტის 60-70 % სომხეთზე, ხოლო 25-30 აზარბაიჯანზე მოდის. როგორც საქართველოში “ჩინდლერის” ჯიშის ნერგების ერთ-ერთ იმპორტიორ კომპანიაში აცხადებენ, 1 ძირის მსხმოიარობა დაახლოებით 25 კილოგრამია და მეოთხე წელს მიღებული მოსავალი სრულად გაისტუმრებს დანახარჯს (ანუ ნულოვან მოგებაზე გავა), ხოლო მეხუთე წლიდან ფერმერი მოგებაზე იმუშავებს.
როგორც ირკვევა, ჩანდლერის დარგვის სეზონი ნოემბერ-დეკემბერშია. კაკლის ეს ჯიში რეზისტენტულია დაავადებებისა და მავნებლების მიმართ, მაგრამ მგრძნობიარეა მაღალი გრუნტის წყლების, მაღალი ტენიანობის, ქარისა და ყინვის მიმართ. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ბაღის მინიმალური სიცოცხლის ხანგრძლივობა 35 წელია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები