ბათუმს მალე უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსი და ტექნოპარკი შეემატება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან – მერაბ ხალვაშთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორთან – ავთანდილ კასრაძესთან ერთად უნივერსიტეტის მშენებარე სასწავლო კორპუსი და ტექნოპარკი დაათვალიერა.
როგორც “რეგიონულ კვირას” აჭარის მთავრობიდან აცნობეს, სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და შენობის ინტერიერის მოწყობა იწყება. ტექნოპარკი და სასწავლო კორპუსი ფუნქციონირებას შემოდგომაზე დაიწყებს.
“სტუდენტთა ახალი სასწავლო კორპუსი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. შენობაში ტექნოპარკი და პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი განთავსდება.
სასწავლო კორპუსის სივრცე დაეთმობა 11 ავტორიზებულ პროფესიულ პროგრამას, რომელიც 255 სტუდენტზეა გათვლილი. თითოეული პროგრამისთვის შეიქმნება ადაპტირებული სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, კომპიუტერული კლასები, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზები. ასევე, მოეწყობა ტრენინგ-ცენტრი.
ახალ შენობაში განთავსდება ტექნოპარკი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები განავითარონ. ტექნოპარკი ქმნის სივრცეს, სადაც აკუმულირებულია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო რესურსები და მიზნად ისახავს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას.
ბსუ-ს ახალი სასწავლო კორპუსი აჭარის მთვარობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 მლნ-მდე ლარია გამოყოფილი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.