დღეიდან ახალციხის ტბაზე ვიზიტორებს წყლის ველოსიპედებითა და ნავებით სარგებლობა შეუძლიათ
ახალციხის ხელოვნურ ტბაზე წყლის ველოსიპედებითა და ნავებით გასეირნება დღეიდანაა შესაძლებელი. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“სეირნობის, ვარჯიშისა და დასვენების გარდა, დღეიდან, აქ დროის სასიამოვნოდ გატარება ნავებითა და წყლის ველოსიპედებითაც არის შესაძლებელი.
ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, მოეწყო გამწვანების ზოლი და დაიდგა ახალი დასასვენებელი სკამები. ასევე, შესაძლებელია ღია გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორებითა და ველოსიპედებით სარგებლობა.
არსებულ მდგომარეობას დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებისა და წყალანირების“ დირექტორი ჯემალ გიორგაძე ადგილზე გაეცნენ”,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს, მათ შორის აღდგება შადრევანი, მოეწყობა საბავშვო გასართობი მოედნები და ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილები.
ცნობისთვის, ახალციხის ტბაზე დამსვენებლებს სამი წყლის ველოსიპედი და ოთხი ნავი მოემსახურება.