ონის მერის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში იაპონიის ელჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – დავით ჩიკვაიძემ, მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსთან – თამთა ტეფნაძესთან ერთად, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – ტადაჰარუ უეჰარასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, მხარეებმა ონის მუნიციპალიტეტსა და იაპონიის საელჩოს შორის თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ მზაობა დაადასტურეს. აღინიშნა, რომ იაპონიის საელჩოსათვის საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტულია, რა კონტექსტშიც გათვალისწინებული იქნება ონის მუნიციპალიტეტის საჭიროებები. ამასთან, ხაზი გაესვა ონში იაპონური კომპონენტის გაჩენის აუცილებლობას, რისთვისაც უახლოეს მომავალში კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება.
“შეხვედრაზე აგრეთვე კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერის საფირმო კერძ “შქმერულის” პოპულარობა სწრაფი კვების ქსელ Matsuya-ს დამსახურებით მთელი იაპონიის მასშტაბით განუხრელად იზრდება. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ დაგეგმონ შემდგომი ღონისძიებები შქმერთან ხსენებული ქსელის დაკავშირების თვალსაზრისით, რის თაობაზეც მერიას და ორივე ქვეყნის საელჩოებს შორის დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.
შეხვედრის დასასრულს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა იაპონიის საელჩოს საჩუქრად რაჭული ოდის მოტივებზე შექმნილი თექა გადასცა და ელჩი უეჰარა ქალაქ ონში მოიწვია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.