ბიზნესი მოგების 200 %-იანი მარჟით – მეფუტკრეობის აწმყო და პერსპექტივა საქართველოში

უნიკალური გემოვნური თვისებები და გამორჩეული არომატი, სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში მიღებული არაერთი დადებითი შეფასებები და დახასიათება – ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალის ბოლომდე ათვისება მაინც ვერ ხერხდება. როგორც საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წარმომადგენელი, ალეკო პაპავა გვეუბნება, დაახლოებით, 8 ათას მეფუტკრეს საქართველოში 6-8 ათასი ტონა თაფლის წარმოება შეუძლია.

რა ღირს 1 კილოგრამი თაფლი და, კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული შეფერხებების გამო, უნდა ველოდოთ თუ არა ფასის მატებას?

ადგილზე, ანუ მწარმოებელი, მეფუტკრე თაფლს 12-13 ლარად ყიდის. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მწარმოებელს მომხმარებელთან უშუალო კავშირი არ აქვს. რეალიზაციის ჯაჭვი ასეა აწყობილი, მეფუტკრე, შუამავალი და გამყიდველი. ამიტომ საცალო ბაზრობებზე თაფლი იყიდება 20-25 ლარად. სამწუხაროდ, უშუალოდ მწარმოებლებს საშუალება არ გვაქვს, რომ ჩვენი პროდუქტი დიდ სუპერმარკეტებში შევიტანოთ, შესაბამისად, მყიდველამდე ჩვენი პროდუქცია დიდი ფასნამატით მიდის. გაიზრდება თუ არა წელს თაფლის ფასი, ეს დამოკიდებულია მოსავლის რაოდენობაზე. ზუსტად თქმა გამიჭირდება.

დაახლოებით, რა რაოდენობის თაფლს ვაწარმოებთ საქართველოში?

ჩემი გათვლებით, სადღაც, 3000 ათასიდან 4000 ტონამდე. აქედან 2000 ტონაზე მეტი არის, ასე ვთქვათ, მაღალი ღირსების, ანუ უმაღლესი ხარისხის თაფლი, რომლის საშუალო ფასი, დაახლოებით, 15-16 ლარის ფარგლებში მერყეობს. გააჩნია, მეფუტკრეს რა დაუჯდა წარმოება.

პრობლემა იყო თაფლის ექსპორტზე გატანა, შეიცვალა რამე?

ქართული თაფლი თითქმის ყველგან მოსწონთ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებითა და დახმარებით არაერთ გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და ყველგან დადებითი შეფასებები გვაქვს. ბევრჯერ ითქვა, რომ ქართული თაფლი არაფრით ჩამოუვარდება განთქმულ მანუკას, ანუ ახალზელანდიურ თაფლს. გვქონდა პრობლემები და, ნაწილობრივ, ისევ რჩება თაფლის წარმოებაში ანტიბიოტიკების გამოყენების გამო. შარშანდელმა სინჯებმა აჩვენა, რომ საქართველოში წარმოებული თაფლის მხოლოდ 8 %-ში აღმოჩნდა ანტიბიოტიკები. შარშანწინ ეს მაჩვენებელი 56-57 % იყო, ასე რომ, ამ მხრივ, წინსვლა გვაქვს. როგორც კი ორგანულ, ანუ სუფთა თაფლზე მოთხოვნა გაჩნდა, მეფუტკრეებიც ახალ მოთხოვნაზე გადავეწყეთ.

ანტიბიოტიკების გამოყენება რატომ ხდება?

ეს არის შემორჩენილი, მავნე ჩვევა, რომელიც, ძირითადად, ძველი ყაიდის მეფუტკრეებს ახასიათებთ. მიჩნეული იყო, რომ ანტიბიოტიკი აუცილებელია ერთგვარი პროფილაქტიკისთვის, ანუ ფუტკარს რომ დაავადება არ შეეყაროს. მე 20 წელზე მეტია, მეფუტკრე ვარ და ანტიბიოტიკი არასდროს გამომიყენებია.

ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გეხმარებათ ექსპორტში?

რა თქმა უნდა. ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტზე კვოტაა დაწესებული, 1400 ტონის შეტანა შეგვიძლია. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ისინი ითხოვენ დიდი რაოდენობით ერთგვაროვან თაფლს, რისი შესალებლობაც აქ ადგილზე არ გვაქვს. ჯერჯერობით, აქ არაა ასეთი მძლავრი წარმოება, რომ თაფლის დაფასოება და მისი კუპაჟირება მოხდეს, მთავრობიდან არის დაპირებები რომ იმერეთსა და გორში თაფლის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება. გორში ასეთი საწარმო უკვე აშენებულია და, როგორც ამბობენ, ფუნქციონირებასაც მალე დაიწყებს. სამეგრელოში, ზუგდიდშიც იგეგმება ასეთი საწარმოს აშენება.

დაახლოებით, რამდენი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ექსპორტზეა ორიენტირებული?

ორი ან სამი. იყო შემთხვევები, როცა ქართული თაფლი მათ კანადაში გაიტანეს, იაპონიაშიც. წაბლის თაფლი მოეწონათ, ყვავილის თაფლიც. შარშან 10 ტონა იქნა გატანილი. წელს უფრო მეტს გეგმავდნენ, მაგრამ, კორონავირუსის გამო, ვერ მოხერხდა. ვფიქრობ, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, პოტენციალი დიდი გვაქვს და მსოფლიო, რომელიც გაჯერებული იყო დაბალი ხარისხის ჩინური თაფლით, ჩვენკენაც გამოიხედავს.

შეიძლება ითქვას, რომ თაფლის წარმოება საქართველოში თვითკმარია და იმპორტი აღარ გვჭირდება?

რა თქმა უნდა, იმპორტი საერთოდ არ გვჭირდება, შარშანდელი მარაგიც ბევრია დაგროვილი.

პროდუქტის დაფასოება – შეფუთვის პრობლემა თუ გიდგათ, ჭურჭლის დიზაინი და ასე შემდეგ?

კი, დგას ეს პრობლემა. სახელმწიფომ შემოგვთავაზა, რომ ერთნაირი სტანდარტით მოხდეს დაფასოება, მაგრამ ვფიქრობთ, უმჯობესი იქნება, მეღვინეების მაგალითით ვიხელმძღვანელოთ. ყველა კონკრეტული რეგიონის თაფლს თავისი მახასიათებლები და გამორჩეული თვისებები აქვს ისე, როგორც ღვინოს. ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ მათ მსგავსად უპირატესობას მრავალფეროვნებას მივანიჭებთ და ბაზარზეც სხვადასხვა დასახელებითა და შეფუთვით წარვდგებით.

როგორც მახსოვს, საქართველოში არ იყო ლაბოლატორია, რომელიც თაფლის ხარისხს შეამოწმებდა და მის ვერდიქტს საერთაშორისი ბაზარი გაითვალისწინებდა?

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მათ აქვთ ლაბოლატორია, სადაც თაფლში ყველა ანტიბიოტიკის შემცველობა მოწმდება. ჩვენ თაფლს სინჯებზე, ძირითადად, გერმანიაში ვაგზავნით. ევროპა ენდობა გერმანული და ფრანგული ლაბორატორიების დასკვნას. ერთი სინჯი 3000 ლარამდე ჯდება. ეს პრობლემა, ანუ სერტიფიცირებული ლაბორატორიის მოწყობა აქაც თუ მოხერხდება, თუნდაც მეფუტკრეების ფინანსურ-მატერიალური თანამონაწილეობით, კარგი იქნება.

შესაბამისი ინფრასრუქტურისა და ხელშეწყობის პირობებში, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე, რა რაოდენობის თაფლის წარმოებაა შესაძლებელი საქართველოში?

მოსაწესრიგებელია ვეტერინალური საკითხები, ფუტკრის სადგომებამდე მისასვლელი გზები და ტერასები, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, დაახლოებით, 6-8 ათასი ტონამდე თაფლის წარმოება. ეს თუ მოხერხდა, გრამი თაფლი არ დარჩება საქართველოში. თურქეთში ევროპაში ყიდის 80 ათას ტონა თაფლს. განსაკუთრებით პოულარულია ართვინის ხეობის თაფლი და ამ თაფლის წარმოების შესაძლებლობა ჩვენც გვაქვს. ეს ხომ ჩვენი მოსაზღვრე რეგიონია და რაღაც ნაწილი საქართველოს შემადგენლობაშიცაა.

დაახლოებით, რამდენი მეფუტკრეა საქართველოში?

სადღაც 8-10 ათასი მეფუტკრე. დიდი საფუტკრეების წილი 15-20 %-ს არ აღემატება. დანარჩენი წარმოებები 30-40 სკას არ აღემატება.

რამდენად მომგებიანია ეს ბიზნესი?

მეფუტკრეობის მომგებიანობს მარჟა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, დაახლოებით, 200%. მთავარია გასაღების ბაზარი.

ამ ბიზნესის დასაწყებად, დაახლოებით, რა თანხაა საჭირო?

გააჩნია, გათვლა რაზეა. ერთი ფუტკრის ოჯახი ღირს სადღაც 250-300 ლარი.10 ოჯახს დასჭირდება 3000 ლარი. ერთი ოჯახიდან უნდა ვივარაუდოთ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, 15-20 კილოგრამი თაფლი. ეს კი, დაახლოებით, 300 ლარის მოგებას ტოვებს ერთ ოჯახზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები