20 ივნისის მოვლენები აქციით გაიხსენეს ქუთაისში. “გავრილოვის ღამის” ერთი წლის თავზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიების წევრები ასსაფეხურიან კიბესთან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებს შორის სოციალური დისტანციისთვის ადგილები პუტინის გამოსახულებიანი სტიკერებით იყო მონიშნული. ორგანიზატორების თქმით, სტიკერებზე ფეხის დადგიმით სიმბოლურად გამოხატავენ პროტეტს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
“რუსეთი კიდევ აგრძელებს საქართველოს მტრობას, რაც გამოიხატება არამარტო მცოცავი ოკუპაციით, ან თუნდაც ე.წ. სასაზღვრო ზოლიდან გატაცებული ქართველების, ან თუნდაც დაქირავებული მკვლელებით და საქართველოს სახელის გატეხვით. დღეს ქუთაისში სამოქალაქო სექტორი შეიკრიბა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენები დაგმოს. დაგმოს სახელმწიფოს არაპროპორციული ნაბიჯები, რაც მოყვა სამოქალაქო სექტორის პროტესტს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 20 ივნისი არ არის ერთ დღეს, ეს არის თარიღი, რომელმაც მთელი წელი განსაზღვრა”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.