ოკუპირებული ტერიტორიებიდან ზუგდიდში მყოფ სტუდენტებს საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების საშუალებები გადაეცათ

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ზუგდიდში მყოფი სტუდენტები მოინახულა, მათ საჭიროებებს გაეცნო და საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა. სტუდენტებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ. დახმარების აქცია სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „სექტორი 3″-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აგრძელებს COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის შედეგების შესამსუბუქებლად მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე.

პირველადი საკვებისა და ჰიგიენური საშუალებების მარაგი ასევე დაურიგდებათ საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. სახელმწიფო მინისტრის აპარატი COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირების, პროგრამების შემუშავების და გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები