თელავში პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟის” სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თელავში პროფესიული კოლეჯი “პრესტიჟის” სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სასწავლო კორპუსის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად მოხდება გარე სპორტული მოედნის მშენებლობა და შენობის გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით კოლეჯში დამატებით სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი და გარე სახელოსნოები აშენდება, რომლებიც აღიჭურვება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით.

კოლეჯის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

პროფესიული კოლეჯი პრესტიჟი განაგრძობს ფუნქციონირებას ოქტომბრის თვიდან, ახალი პროფესიებით, ახალი პროგრამებით. ეს არის სრულიად თანამდეროვედ აღჭურვილი და რეაბილიტირებული კოლეჯი, რომელიც შესთავაზებს საინფორმაციო ტექნოლოგიების, საინჟინრო, ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებით განახლებულ პროგრამებს. ვფიქრობ, რომ თელავისთვის და მთლიანად კახეთის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. იმედი გვაქვს, რომ კოლეჯი შეძლებს და შესთავაზებს ახალგაზრდებს და ზრდასრულებს მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალფეროვან სერვისებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გააგრძელებს კოლეჯის განვითარებაზე ზრუნვას და ჩვენ მოვაწყობთ ექსტრა-კულიკულური აქტივობების დასანერგად მრავალფეროვან გარემოს, სხვადასხვა კლუბებს და ხელშემწყობ აქტივობებს სტუდენტების საინტერესო ცხოვრების მხარდასაჭერად “ – განათელბის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა.

„კახეთის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრის არსებობა მზარდი ეკონომიკის პირობებში. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქ თელავში ამ კოლეჯის რეაბილიტაციას. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები განგრძობადია – მოხდება სახელოსნოებისა და პერსპექტივაში, საერთო საცხოვრებელის დამატება. აღსანიშნავია, რომ აქ დანერგილი პროფესიები მორგებულია იმ საჭიროებებს, რა საჭიროებებიც ჩვენ ადგილზე გაგვაჩნია.
ამავდროულად, ძალიან საინტერესოა ის გარემოება, რომ გვინდა საერთაშორისო თანამშრომლობა უკვე გამოცდილ პროფესიულ კოლეჯებთან, უცხოეთში კარგად აპრობირებული გაცვლითი პროგრამების დასანერგად“- აღნიშნა მხარის რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

შენობის, სასწავლო სახელოსნოებისა და ლაბორატორიების სამშენებლო სამუშაოების დასრულების და მათი სრული აღჭურვის შემდეგ კოლეჯი დაიმატებს და განახორციელებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად, რეგიონისათვის პრიორიტეტულ შემდეგ მიმართულებებს: აგრარული, სოფლის მეურნეობის, ბიზნესის ადმინისტრირების, ჯანდაცვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მომსახურების სფეროს სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
ა(ა)იპ კოლეჯის სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან 2 647 125,49 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები