ნაბეღლავის ქარხანაში მყოფ ტრაილერის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა – კომპანია განცხადებას ავრცელებს

10 ივნისს, ნაბეღლავში საექსპორტო ტვირთის ტრაილერის მძღოლი იმყოფებოდა.18 ივნისს მისმა განმეორებითმა ტესტირებამ კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, კომპანია ნაბეღლავმა განცხადება გაავრცელა.

“მოგეხსენებათ, რომ 18 ივნისის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირდა კორონა ვირუსის 5 ახალი შემთხვევა. ერთ-ერთი შემთხვევა საექსპორტო ტვირთის ტრაილერის მძღოლს უკავშირდება, რომელიც კონტრაქტორი სატრანსპორტო კომპანიის მიერ იყო დაქირავებული. საექსპორტო ტრაილერის მძღოლი 10 ივნისს სს“ წყალი მარგებლის“ საწყობთან, დასატვირთად იმყოფებოდა. მას სს „წყალი მარგებლის“ არცერთ თანამშრომელთან უშუალო შეხება არ ჰქონია. სს „წყალი მარგებლის“ წარმომადგენლის მიერ მოხდა აღნიშნული ფაქტის მიწოდება ჯანდაცვის სახელმწიფო ორგანიზაციებთან, მათთან შეთანხმებითა და რეკომენდაციით, დაზღვევის მიზნით ქარხნის გარეპერიმეტრის ორი თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფება, რომელთა მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება, წესების სრული დაცვით ხორციელდებოდა.

ასევე , აღვნიშნავთ, რომ სატრანსპორტო კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტრაილერის მძღოლს ქარხანაში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, 9 ივნისს ჩატარებული ჰქონდა ტესტი, რომელიც იყო უარყოფითი. საექსპორტო ტრაილერის მძღოლს ვირუსი ლარსის გამშვებ პუნქტზე დაუდასტურდა. ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან სს „წყალი მარგებლის“ ქარხნის ტერიტორიაზე მკაცრად კონტროლდება უცხო პირთა შესვლა და გადაადგილება. ასევე მკაცრად არის დაცული, ჯანდაცვის სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ გაცემული ინსტრუქცია საექსპორტო ტრაილერის მძღოლებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ტრაილერის მძღოლს ქარხანაში ვიზიტამდე არაუმეტეს 72 საათისა, აღებული უნდა ჰქონდეს ტესტი ვირუსთან დაკავშირებით. შესაბამისად აღვნიშნავთ, რომ სს „წყალი მარგებლის“ ყველა თანამშრომელი არის ჯანმრთელი და მათ პირდაპირი კონტაქტი დაინფიცირებულ მძღოლთან არ ჰქონიათ”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულის შემდეგ “რეგიონული კვირა” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. როგორც ნატო ჯიბუტმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, იმ პერიოდში, როცა აღნიშნული პიროვნება “ნაბეღლავის” ქარხანაში იმყოფებოდა, ვირუსს გადადების უნარი არ გააჩნდა.

“ადამიანი, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი, არ არის ჩოხატაურის მაცხოვრებელი, ის არის ჩამოსული, გადამზიდი კომპანიის მძღოლი. მისი ეს ვიზიტი არ არის საშიში, თან იმ პერიოდში ვირუსს არ ჰქონდა გადადების უნარი(10 ივნისს). მას მხოლოდ საქმიანი შეხება ჰქონდა ქარხანასთან, ტვირთვის ჩატვირთვა, საბუთების მიღება-ჩაბარება. 14 ივნისს უარყოფითი იყო ტესტზე პასუხი, უკვე 16-ში დადებითი და განმეორებითი დადებითი პასუხი აღნიშნულ მძღოლს 18-ში მოუვიდა. ამჟამად ის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. ქარხანას და არცერთ მის თანამშრომელს საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა ნატო ჯიბუტმა.

შეგახსენებთ, რომ გურიის რეგიონი კვლავ ინარჩუნებს კორონავირუსის პანდემიისგან თავისუფალი ზონის სტატუსს. ამ დრომდე, რეგიონში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები