შუახევის მერმა პეგადგოგებს ნაყოფიერი შრომისთვის მადლობა გადაუხადა
შუახევის მერმა – ფრიდონ ფუტკარაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელთან – ედუარდ გოგრაჭაძეთან ერთად მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე შუახევის მერი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში არსებულ ვითარებას, დისტანციურ სწავლების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს და გამოწვევებს გაეცნო. როგორც აღინიშნა, აღნიშნულ გამოწვევას, მუნიციპალიტეტის სასწავლო დაწესებულებებმა ღირსეულად უპასუხეს და აქტიურად იყენებდნენ დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსწავლეს მაქსიმალური წვდომა ჰქონდა ტელესკოლასთან.
,, COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, განათლების კუთხით. შექმნილ ვითარებაში, როდესაც მოსწავლეები საკლასო ოთახს მიღმა დარჩნენ, პედაგოგებმა შეძელით მათთვის განათლების მიღების უწყვეტი პროცესი შეგენარჩუნებინათ, პანდემიის პერიოდში სასწავლო სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დაძლიეთ და ეს სემესტრი შედგა. დისტანციური სწავლების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნაყოფიერი შრომისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ და გისურვოთ წარმატებები თქვენს მომავალ საქმიანობაში. გპირდებით ჩემს მაქსიმალურ მხარდაჭერას, თუკი ამის საჭიროება გექნებათ. ასევე, მადლობა მშობლებს, დისტანციური სწავლების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის“,- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.