თარაშ კანდელაკის უფლებადამცველი: ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის მანძილზე ბევრი ღირსეული ადამიანი მინახავს, მათგან ერთერთი გამორჩეული თარაშ კანდელაკია
8 ივნისს გორში ახაგაზრდებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკის უფლებადამცველმა, შოთა მანელიძემ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც საკუთარი დაცვის ქვეშმყოფის პიროვნულ ღირსებებზე საუბრობს. მანელიძეს განცხადებით , ამ დროისთვის ბრალდებულისთვის ყველაზე მნიშვნელოვნელოვნად დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ობიექტური სიმართლის დადგენაა.
„უნდა დავწერო მაგარი კაცის შესახებ!!! თუმცა ის სულ რაღაც 21 წლისაა!!!
ჩემი მრავალწლიანი სამართლებრივი პრაქტიკის მანძილზე ბევრი ღირსეული ადამიანი მინახავს, თუმცა მათგან ერთერთი გამორჩეული ამ ფოტოზე აღბეჭდილი ყმაწვილი თარაშ კანდელაკია. მასთან პირველივე შეხვედრა-საუბრისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემს წინაშე არა შვილის ასაკის ახალგაზრდა, არამედ უკვე ცხოვრების ავ-კარგ გამოვლილი უკეთილშობილესი თვისებებით შემკული პიროვნება იდგა. პიროვნება, რომლის საფიქრალსაც მძიმე წუთებში არა მისი დაკავებისა და თუნდაც პატიმრობაში ყოფნის მდგომარეობა, არამედ უმთავრეს საზრუნავსა და საფიქრალს მეორე ადამიანი წარმოადგენდა. ამ ვითარების მნახველს გამახსენდა მარადიული გამონათქვამი: ,,კაცებად იბადებიან, რადგან ეს არ ისწავლება, ეს ნიჭი დასაბამიდან ღვთისგან უნდა გქონდეს მონიჭებული.”
თარაშ კანდელაკი არასოდეს იქნება რაიმე დაუმსახურებელი შეღავათის ძიებაში, საპყრობილეში გისოსებს მიღმა იგი საფუძვლიანი იმედით ელოდება ობიექტური და მიუკერძოებელი სამართალწარმოების შედეგს, რომლის საფუძველზე აუცილებლად უნდა გაირკვეს ყოველივე ის, რასაც სინამდვილეში ჰქონდა ადგილი.
დაუშვებელია, რომ არ დადგინდეს სიმართლე !!“, – წერს შოთა მანელიძე.
ცნობისთვის, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით,18 წლის ერეკლე თედლიაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებულ თარაშ კანდელაკს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანის გადაწყვეტილებით წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს ჩაინიშნა.