გურიის რეგიონში 4500-მდე აბონენტი ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩაერთვება
გურიის 19 სოფელში 4500-მდე აბონენტი ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩაერთვება. რეგიონში, ჯამურად 327,261 გრძივი მეტრი გაზსადენი აშენდება.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გურიის გუბერნიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები 14 სოფელში დასრულდა. ეს სოფლებია: მამათი (მამათის თემის 4 სოფელი), გაგური, ჭანჭათი, ორმეთი, ვაკე, ზედუბანი, ვანი, ზომლეთი, ბუკნარი, ბასილეთი, მეწიეთი. 155,201 გრძივი მეტრი გაზსადენი უკვე აშენდა და ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში 1864 აბონენტი ჩართვას შეძლებს.
“გასულ წელს, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავდა, სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა, რეგიონის 3 მუნიციპალიტეტის 6 დასახლებულ პუნქტში: ჭალაში, აცანაში, ჭინათში, ქვენობანში, მზიანსა და დაბალ ეწერში. ჯამში აშენდა 89 066 გრძივი მეტრი გაზსადენი და 1200-მდე აბონენტს საშუალება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში მიმდინარე სამუშაოებს, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასთან ერთად გაეცნო. სამუშაოებს საქართველოს გაზის ,ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთით შპს „ივერია 7“ აწარმოებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.