მარტოობის 20 წელი მესტიაში და ადამიანებთან ურთიერთობის მონატრება – ლოლა თამლიანის ისტორია
მძიმე სოციალური პირობები, დანგრეული საუკუნოვანი სახლი – ეს პირველია, რასაც მარტოხელა ლოლა თამლიანის ეზოში შესვლისთანავე დაინახავთ. განვლილ გზაზე მხოლოდ ის აწუხებს, რომ სიბერემ ჯანმრთელობა წაართვა და სახლს ვერ უვლის. მარტოობის 20 წელიწადი ისე გაატარა არავის გახსენებია, არც ნათესავებსა და ოჯახის წევრებს, ახლა კი ღრმა სიბერეში მარტოს გაუჭირდა.
გადაადგილება ფაქტობრივად არ შეუძლია. წლებია გარეთაც არ გასულა, ამბობს, კიბეებზე ჩასვლა აღარ შემიძლია, საწოლიდანაც ძლივს ვდგები და გარეთ როგორ გავიდეო.
ყველაზე მეტად კი მაინც ადამიანები და მათთან ურთიერთობა ენატრება.
„ძალიან კულტურული ვიყავი, მაგრამ ახლა ნაგავში ვწევარ. არაფერი საშველი არაა, ახლოს კიდე არავინ არ არის, სანდო იყოს, გულშემატკივარი იყოს. მამაპაპისეული 50 ჰექტარი მიწა მაქვს, რომელსაც მოსახლეობა იყენებს, მაგრამ ჩემთან მოსვლა და მოვლა ყველას უჭირს, გამდიდრდა ყველა. კი მინდა ამ ნაგავში, რომ არ ამომძვრეს სული და დამილაგოს ვინმემ. ვმუშაობდი ყანებში, ჩემი ძმისშვილები დაფანტული არიან ახლა. ყველას თავისი უჭირს, როცა შემეძლო 80 ტომარა კარტოფილს ვუგზავნიდი, ისე რომ კაპიკს არ ვახდევინებდი.
წლებია გარეთ არ გავსულვარ, კიბეზე ვერ ჩავდივარ, გადაადგილებაც მიჭირს და ვცხოვრობ ასე გაჭირვებაში, ამას თუ ცხოვრება ჰქვია.
ადამიანები მენატრებიან.. მათთან ლაპარაკი… ხანდახან ესეც მავიწყდება“, – ამბობს ლოლა თამლიანი.
ლოლა ბებო მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმას თემში, მივიწყებულ ადგილას ცხოვრობს. ამბობს მამაპასეული სახლია და იმდენი ხანია ხელი არ შევლებია, ალბათ მალე ჩამოინგრევა კიდეცო.
„შენი თავის არ უნდა შეგრცხვეს. ოჯახის და ქვეყნის ერთგული უნდა იყო. არასოდე უნდა უღალატო სამშობლოს“, – ურჩევს ახალგაზრდებს ლოლა ბებო.
“რეგიონული კვირის” გადამღები ჯგუფის მისვლის შემდეგ, ლოლა თამლიანთან “ზემო სვანეთს
სიუჟეტის მომზადების განმავლობაში, „რეგიონული კვირისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ლოლა ბებოს LAG Upper Svaneti -ს მოხალისეები ესტუმრნენ. ორგანიზაციამ ლოლა ბებოს საჭირო ნივთები და პროდუქტები გადასცა.