გიორგი ხანიშვილი – ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა აქტიურად მიმდინარეობს თხილის ნარგავებში
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აბაშაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – ჯამბულ ხოზრევანიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულების წარმომადგენლები, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი – გიორგი თოდუა და მეთხილე ფერმერები ესწრებოდნენ, წარმოადგინეს დეტალური ანგარიში მიმდინარე სამუშაოებისა და მავნებლის პოპულაციის შესახებ.
დღეისათვის ცივი შესხურების ტექნოლოგიით დამუშავებულია 6200 ჰექტარზე მეტი ფართობი, დამონტაჟდა 36 ათასი „მოიზიდე და გაანადგურე” სადგური; მავნებლის მონიტორინგის მიზნით დასავლეთ საქართველოში განთავსებულია 2500 და აღმოსავლეთ საქართველოში 900 მონიტორინგის სადგური.
მიმდინარე ღონისძიებები გიორგი ხანიშვილმა დადებითად შეაფასა.
,,თუ გასულ წლებში აზიური ფაროსანას სიმრავლე შეინიშნებოდა, წელს მისი რიცხოვნობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წელს სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები წარმატებული იყო. ფერმერებმა, რომლებიც გასულ წელს ასოციაციასთან ერთად თხილის მოვლის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ და ისარგებლეს სახელმწიფოს დახმარებით, ხარისხიანი მოსავალი მიიღეს და გახდნენ სამაგალითოები სხვა ფერმერებისათვის. აგროსამუშაოები თხილის ნარგავებში აქტიურად მიმდინარეობს, რაც გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ წელსაც თხილის კარგი მოსავალი იქნება”, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების გაცნობის შემდეგ, გიორგი ხანიშვილმა დაათვალიერა თხილის ბაღები. ფერმერები აღნიშნავენ, რომ, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, წელს შარშანდელი შედეგების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ელიან.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, ამჟამად ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა აქტიურად მიმდინარეობს თხილის ნარგავებში. ღონისძიებებში ჩართულია თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, რომელიც „თხილის გადარჩენის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში მონიტორინგს უწევს მიმდინარე აგროსამუშაოებს.