რუხის საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 70 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

რუხის საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი განმეორებითი ანალიზის პასუხი, დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განუცხადა.
„ახალი პაციენტის პისიარპასუხი არის დადებითი. ის ითვლება კოვიდინფიცირებულად. ის იმყოფება ჩვენს კლინიკაში. მისი პრეისტორია ასე გამოიყურება: რამდენიმე დღის წინ ამ პირის მიერ იყო რუსეთის საზღვრის კვეთა. განისაზღვრა საკარანტინო ზონაში პისიარი, სადაც იყო უარყოფითი შედეგი. შემდეგ მას ჰქონდა ვიზიტი ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ზუგდიდში. აქ, ადგილზე ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ ჩატარდა ანტისხეულებისა და ანტიგენების სწრაფი ტესტი, ანტისხეულების პასუხები მივიღეთ დადებითი, მოთავსდა ჩვენს კლინიკაში. გადამოწმდა პისიარი, რომელზეც მიღებულია სუსტად დადებითი პასუხი“, – აღნიშნა ნიკოლოზ ქარცივაძემ.
ქარცივაძის განმარტებით, კლინიკაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ პაციენტს კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს.
„რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პაციენტს აქვს გადატანილი ეს ინფექცია და ამჟამად სუსტად დადებითი პასუხი შეიძლება იყოს ამ ფაზისთვის დამახასიათებელი, თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, დაველოდოთ შედეგებს. რაც შეეხება ჩვენთან ჩატარებულ კვლევებს, არცერთი მონაცემი არ არის, რომ პაციენტს მწვავე ფაზაში ჰქონდეს ეს ინფექცია“, – აცხადებს ნიკოლოზ ქარცივაძე.
საოკუპაციო ხაზზე მდებარე კლინიკაში სულ 8 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, აქედან 5 კოვიდინფიცირებულია.
17 ივნისის მონაცემებით, ზუგდიდის ინფექციურ ლაბორატორიაში კორონავირუსზე 210 ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც ერთი ანალიზი სუსტად დადებითი დაფიქსირდა. საეჭვო პაციენტი განმეორებითი ხელახლა გაიტესტა, ანალიზის პასუხი კი დღეს გახდება ცნობლი.
ცნობისთის, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში, ამ დროისთვის, 41 პირია მოთავსებული, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი 42 პირი იმყოფება. სულ ეპიდზედამხედველობა 1877 პირზე დამყარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები