მეკალმახეობა – ბიზნესი მოგების 28 %-იანი მარჟით
რა პოტენციალი აქვს მეკალმახეობას საქართველოში, მომგებიანია თუ არა ეს ბიზნესი და რა არის ამ სექტორის სუსტი და ძლიერი მხარეები.
როგორც ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ დახმარებით ISET-ის (თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა) მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული, საქართველოში კალმახის წარმოების სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კალმახის საკვების იმპორტი ერთი-ერთში შეესაბამება წარმოებული კალმახის რაოდენობას, გაირკვა, რომ საქართველო ყოველწლიურად, დაახლოებით, 2500 ტონა კალმახს აწარმოებს.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ფერმერები საქართველოში, ძირითადად, ცისარტყელა კალმახს აწარმოებენ, რომელიც 2-3 კილოგრამამდე იზრდება და 11 წელს ცოცხლობს. თუმცა სარეალიზაციოდ 200 -300-გრამიანი კალმახი გააქვთ.
ფასი, მოგების მარჟა და გასაღების ბაზარი
ძირითადი ბაზარი თბილისია. საცალო ფასი კილოგრამზე 11-დან 12 ლარამდე მერყეობს. სეზონზე საბითუმო ფასი 6 ლარამდე ეცემა, ხოლო – დაბალი წარმოების შემთხვევაში – საბითუმო ფასი 8 ლარამდე იზრდება. ერთი კილოგრამი კალმახის წარმოება ფერმერს, დაახლოებით, 5 ლარი უჯდება, სააწარმოო ხარჯის 70 % კი საკვებზე მოდის. კვლევის თანახმად, თუ ადგილზე გაყიდვის ფასად 7 ლარს ავიღებთ, ფერმერის მოგების მარჟა 28 %-ს აღწევს. ბითუმად მოვაჭრე 1კგ კალმახს ფერმაზე 7 ლარად ყიდულობს, მიაქვს საბითუმო ბაზარზე და, დაახლოებით, 9 ლარად ყიდის. შესაბამისად, მოგების მარჟა ბითუმად მოვაჭრისათვის 17 %-ია, ხოლო ცალობით მოვაჭრეებისათვის ( რესტორნები, ბაზრობები,სუპერმარკეტები) – 14 %.
საკალმახე მეურნეობების ძლიერი და სუსტი მხარეები,
კვლევის ავტორების შეფასებით, ამ სექტორის ძლიერ მხარეა უხვი მაღალი ხარისხის წყალი საქართველოში, რომელიც მაღალი პროდუქტიულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ძლიერი მხარეა, ასევე, მაღალი მოთხოვნა ბაზარზე. ხარისხიან წყლის გამო ქართული კალმახი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩავა, რაც მის გასაღებას აიოლებს. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ საკალმახეები სოფლად დასაქმების საშუალებას იძლევა. სუსტ მხარეებადაა მიჩნეული საკალმახეების უუნარობა უზრუნველყობ სტაბილური და გრძელვადიანი მიწოდება, აუზების პრიმიტიული აღჭურვა, საკვების მაღალი ფასი და ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა, ასევე, ფერმერებისა და მუშა ხელის დაბალი კვალიფიკაცია.