​ზღაპრული ხედი და კომფორტი შუაგულ ტყეში – მცირე სასტუმრო ქედაში, რომელიც ორი თვეა ფუნქციონირებს

თუ აჭარას ზღვისა და საუცხოო ხე-მცენარეებით გაშენებული ბულვარის გამო სტუმრობთ, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რამ გაქვთ სანახავი. “რეგიონული კვირა” ერთერთ ასეთ აუცილებლად სანახავ ადგილზე გიამბობთ.
ბათუმიდან თითქმის ერთი საათის სავალზე, ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ დანდალოში, ,,რეგიონულ კვირას“ სიმწვანე, განათებული ბილიკი, ჰამაკი, სასიამოვნო გარემო დახვდა. შუაგულ ტყეში მცირე სასტუმროა განთავსებული. კარვის ტიპის ორი ოთახი ერთი თვეა, რაც ფუნქციონირებს. აქ ვიზიტორების რაოდენობასაც არ უჩივიან. გარემო, რომელიც ბუნებასთან გაზიარებს, 31 წლის დავით არძენაძემ მოაწყო. როგორც ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ არა სოფლის სილამაზე ამ ყველაფრის შესაქმნელად გაცილებით მეტი შრომა მოუწევდა. ეცადა სოფლის ბუნებრიობა არ დაეკარგა და იგი მეტად თვალშისაცემი და გამჭვირვალე ყოფილიყო.
ახალგაზრდა ეკონომისტმა ერთი წლის წინ, დიდი ხნის საოცნებო პროექტზე მუშაობა მეგობართან ერთად დაიწყო და მის განსახორციელებლად მშობლიური სოფელი დანდალო შეარჩია. ბათუმში მცხოვრებს არასოდეს მიუტოვებია ფიქრი იმაზე, რომ დანდალოს უნიკალური გარემო წარმატებას მოუტანდა. გამოიყენა შესაძლებლობა, რომელსაც ქედის მუნიციპალიტეტი ნებისმიერ მსურველს სთავაზობდა, ჩაერთო ევროკავშირის პროექტში, რომელსაც ორგანიზაცია CENN და დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებდა. პროექტი, რომელიც სოფლად განვითარებას გულისხმობდა დავითმა მეგობართან ერთად ნაყოფიერად გამოიყენა. ერთად საგრანტო განაცხადიც შეავსეს, რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ კი მეგობრებმა დაფინანსებაც მიიღეს.
,,დიდი ხანია გვინდოდა რაღაც კარგი გაგვეკეთებია, შესაძლებლობა მოგვეცა და არ დავაყოვნეთ. სხვადასხვა პროგრამები ახალგაზრდებს და არამარტო მათ, საშუალებას იძლევა გეგმები განახორციელო. სამომავლოდ კიდევ ბევრი რამ შეემატება აქაურობას, თუმცა არ დაირღვევა ბუნებრიობა. იმდენად ლამაზია გარემო, რომ დიდ შესაძლებლობას გაძლევს გაცილებით მიმზიდველი გახადო იგი“,- ამბობს დავით არძენაძე.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო ტურიზმის სფერო სერიოზულ ზარალს განიცდის, ,,Hill Inn“-ში მომხმარებლების რაოდენობა გახსნის დღიდან, არ შემცირებულა. ახალგაზრდა ბიზნესმენი შიდა ტურიზმის განვითარების პერსპექტივას ხედავს.
,,პანდემიას რაც შეეხება დაბრკოლებებია, თუმცა შესაძლებლობას ვხედავთ, შიდა ტურისტების დიდი ნაწილი ჩვენი მომხმარებელი გახდება. იდეები ბევრია, პერსპექტივებიც არის. გარემო იძლევა იმის საშუალებას რომ გეგმები განახორციელო. სამომავლოდ სხვადასხვა სივრცის ათვისებას ვაპირებ. შეიქმნება უფრო მეტი განსატვირთი სივრცეები. დიზაინიც მეგობარმა შემირჩია. ვურჩევ სხვებს, რომ ცოტა განსხვავებულად იფიქრონ, შექმნან რაღაც სხვა. ნებისმიერი შეძლებს მარტივად მოიზიდოს მომხმარებელი, აჭარას აქვს ამის პოტენციალი. მაქსიმალური მობილიზება უნდა მოვახდინოთ და ის დანაკლისი, რასაც უცხოელი ვიზიტორების ნაკლებობით მივიღებთ, შიდა ტურისტის დაინტერესებით შევავსოთ“,- ამბობს დავით არძენაძე.
ადგილი, რომელიც უფრო ზღაპრულს გავს ვიდრე ნამდვილს, მომავალ წელს ბევრად შთამბეჭდავი გახდება- ამის პირობას ახალგაზრდა ბიზნესმენი იძლევა და იმედოვნებს რომ ადგილობრივებთან ერთად უცხოელებსაც დაუვიწყარ დასვენებას შესთავაზებს.

ფიქრია დავლაძე

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები