თერჯოლაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა მოეწყობა
თერჯოლაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციიო ღონისძიებების ფარგლებში სტიქიისგან დაზიანებული 7 კმ. გზა მოეწყობა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა ახალთერჯოლაში მიმდინარე ბეტონის საფარის მოწყობისათვის საჭირო წინასწარი სამუშაოები მერის წარმომადგენელ ბესიკ ცხადაძესთან ერთად დაათვალიერა.
“სტიქიის შედეგად დაზიანებული გზები გადაადგილების პრობლემას უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. სამუშაოები უკვე დაიწყო, ქ. თერჯოლაში ბეტონით მოეწყობა ლესელიძისა და ჯაბიძის ქუჩების სხვადასხვა მონაკვეთები – საერთო ჯამში 4 კმ. გზა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ალპედე” შეასრულებს, რაზეც დაიხარჯება 484 254 ლარი. ახალთერჯოლაში, თუზსა და საზანოში კი სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდა საუბნო გზები ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს “მეკას” მიერ მოეწყობა”, – აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.
თერჯოლაში მიმდინარე წელს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს მთავრობის მიერ 895 364 ლარი გამოიყო.