ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონა სეზონის გახსნისთვის ემზადება

პოსტპანდემიურ პერიოდში შავი ზღვის სანაპიროზე ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში სეზონის გახსნისთვის ემზადებიან. ზღვის სანაპიროზე დამსვენებლების ნაკლებობა არც ამ პერიოდში შეიმჩნევა.
როგორც „რეგიონულ კვირას“ შპს „ანაკლია-განმუხური რეზორტის“ დირეტქორმა ბესიკ თოდუამ განუცხადა, საკურორტო ზონაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.
„მოგეხსენებათ, ვირუსმა ცოტა შეგვიშალა ხელი, თუმცა ვემზადებით სეზონის გახსნისთვის, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, ამფითეატრი დასრულების ფაზაშია. დაიწყო „აკვა პარკის“ სრული რეაბილიტაცია, თუ მანამდე „აკვა პარკს“ 500-მდე სტუმრის მიღება შეეძლო, ახალი რეგულაციებით 300-მდე ვიზიტორის მიღებაა შესაძლებელი. შესასვლელში განთავსდება დეზობარიერები, დაიდგმება დეზინფექციისთვის ხსნარი და ჩატარდება ვიზიტორების თერმოსკრინინგი. შეზლონგები 2 მეტრი დისტანციით განთავსდება. სანაპიროზე მოქალაქეები იცავენ დაწესებულ დისტანციას. ხოლო მაშველებიც ადგილზე ინსტუქტაჟს ატარებენ“, – განაცხადა ბესიკ თოდუამ.
რაც შეეხება, ელექტრონული მუსიკის ფესტივალს, რომელიც ყოველ წელს შავი ზღვის სანაპიროზე, ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე იმართებოდა, ბესიკ თოდუას ინფორმაციით წელს კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო შემჭიდროვებული მასშტაბით ჩატარდება, თუმცა სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთა ძირითად შემოსავლის წყაროს უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტები წარმოადგენდნენ, წელს შიდა ტურიზმზე ამყარებს იმედებს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები