დავით შერაზადიშვილმა, გოგი მეშველიანმა და თამაზ ჟორჟოლიანმა ბოლნისში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მოინახულეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა -დავით შერაზადიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა – გოგი მეშველიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე – თამაზ ჟორჟოლიანმა სოფლებში: რატევანი, ქვეში და ძველი ქვეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

„სოფელ რატევანში შიდა საავტომობილო გზა ეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 1 550 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება და სანიაღვრეები მოეწყობა. პროექტის ღირებულება ღირებულება 766 994 ლარია.

აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ქვეშში, ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს პროექტის ფარგლებში 100 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება, ხოლო 485 გრძივი მეტრი ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება. სამუშაოებისთვის 595 000 ლარია გამოყოფილი. სოფელ ძველ ქვეშში კი 500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა მოეწყობა, მისი ღირებულება 397 000 ლარს შეადგენს.

სამივე ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ თანადაფინასებით ხორციელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„დღეს მაჟორიტარ დეპუტატთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დავათვალიერე. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის საგზაო ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით პრიორიტეტულია, წელს ამ მიმართულებით 10 პროექტი ხორციელდება, რომელთა სრული ღირებულება 6 000 000 ლარს შეადგენს. ვცდილობთ გზები განსაკუთრებით ჩვენს სოფლებში მოვაწესრიგოთ, რათა მოსახლეობამ თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი გზით ისარგებლოს. პანდემიის პირობებში დიდ ყურადღებას ვაქცევთ უსაფრთხოებას, ამიტომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციით ხორციელდება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები