აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კახეთის რეგიონს ესტუმრა
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი კახეთის რეგიონს ესტუმრა და გაცნობითი ხასიათის შეხვედრები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერთან გამართა.
“ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ვიმყოფები ქალაქ თელავში და შევიტყობ კიდევ უფრო მეტს ამ ქალაქისა და ზოგადად კახეთის რეგიონის შესახებ. როგორც მეუბნებოდნენ, მართლაც უმშვენიერესი ადგილია. ვიზიტის ფარგლებში, მქონდა შეხვედრები სახელმწიფო რწმუნებულთან და მერთან, ჩვენ ვისაუბრეთ უკვე არსებული თანამშრომლობის გაფართოების გზებზე. მოგეხსენებათ, ჩვენი თანამშრომლობა საკმაოდ ფართოა და მოიცავს ისეთ მიმართულებებს როგორიცაა: კარგი მმართველობა, ეკონომიკური განვითარება, თანამშრომლობა განახლებადი ენერგიის კუთხით. რა თქმა უნდა, განვიხილეთ COVID- 19 – ის შედეგები და ის თუ როგორ უბრუნდება რეგიონი ნელ- ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რადგან, კახეთი გახლავთ უმნიშვნელოვანესი ადგილი, ტურისტული თვალსაზრისით, როგორც საქართველოსთვის, ასევე საერთაშორისო ტურიზმის კუთხით”, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
“ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა იყო , ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რაც მნიშვნელოვანია კახეთისათვის და მისი ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებისათვის. ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობაზე და ხაზგასმით აღინიშნა ის გარემოება, რომ კახეთში ძალიან დიდი პოტენციალია განახლებადი ენერგიის წყაროებისა. ელჩი, ვიზიტის ფარგლებში, ერეკლე მეფის სასახლეს ეწვია, დაათვალიერა ქალაქი თელავი და თელავის ისტორიული მუზეუმი. მან ნახა ჩვენი ისტორიული წარსული, რომელმაც ჩვენ დღევანდელობამდე მოგვიყვანა”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, საუბარი შეეხო თანამშრომლობის სამომავალო პერსპექტივებს თელავის მუნიციპალიტეტსა და ამერიკის საელჩოს შორის.
“პირადად გადავუხადე ელჩს მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ წლების განმავლობაში, ამერიკა ავლენდა ჩვენი ქვეყნის მიმართ”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
შეხვედრების დასრულების შემდეგ, კელი დეგნანი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ერეკლე მეფის სასახლეს ეწვია და თელავის ისტორიული მუზეუმიც დაათვალიერა.