“გული მწყდება როცა დაცარიელებულ სახლებს ვხედავ” – 20-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნებული დავით ზოიძის ისტორია

ემიგრაციაში გატარებული 20 წლის შემდეგ მამაპაპისეულ სახლში დაბრუნდა. საუკუნოვან სახლს რესტავრაცია ჩაუტარა, ახალი სახლიც ააშენა და სამომავლოდ დიდ გეგმებს სახავს – სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართვას და ამ სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანასაც გეგმავს. “რეგიონული კვირა” შუახეველ დავით ზოიძეს გაგაცნობთ, რომელმაც სამშობლოში დაბრუნებიდან ერთ წელში, მუნიციპალიტეტის მერიისა და სახელმწიფო პროგრამების დახმარებით, საკუთარ მიწაზე უკვე ვენახიც გააშენა და ბოსტნეულის სხვადასხვა კულტურაც მოჰყავს. 

შინ დაბრუნება კორონავირუსის პანდემიის გავრცელებამდე გადაწყვიტა, თუმცა ახლა უფრო მეტად აცნობიერებს მშობლიური კერის მადლს. ამბობს, რომ საქართველო მადლიანი ქვეყანაა, სწორედ ამიტომ ხალხიც და ბუნებაც განსაკუთრებულია.

დავით ზოიძე “რეგიონულ კვირასთან” არ მალავს, რომ ემიგრაციაში ყველაზე მეტად სწორედ ის სითბო ენატრებოდა, რომელსაც სოფელში ყოფნისას ყოველდღიურად გრძნობს.

“მთებთან სიახლოვე, ჰაერის სისპეტაკე და ჯანსაღი გარემო, არამხოლოდ ადგილობრივებისთვის ტურისტებისთვისაც მიმზიდველი იქნება” – ამბობს დავითი და სამომავლო გეგმებს გვიმხელს.

“ყოველთვის მინდოდა ჩემს მშობლიურ სოფელში, ახალდაბაში დაბრუნება, ახლა როცა ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს, ვიცი, რომ სოფელში ბევრად უსაფრთხოდ ვარ, თუმცა მანამდე დავუბრუნდი ჩემს მიწა-წყალს და მეუღლე და შვილიც ჩამოვიყვანე. ისინი სამოდელო საქმიანობას ეწევიან, პოპულარობითაც სარგებლობენ, თუმცა აქ იმდენად აღფრთოვანდნენ ბუნების სილამაზით, ფოტოსესიებიც საინტერესო გამოვიდა. ყველა სეზონი განსაკუთრებულია. გული მწყდება როცა დაცარიელებულ სახლებს ვხედავ. ვფიქრობ, რომ დაბრუნება არასოდეს არის გვიან, მთავარია ყველა სახლის ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდეს. აქაც შეიძლება რაღაც საინტერესო წამოიწყო და ამით ოჯახის რჩენა შეძლო“, – ამბობს დავით ზოიძე.

სოფელი ახალდაბა შუახევიდან ოთხ კილომეტრში მდებარეობს. ამჟამად აქ 100 ოჯახი ცხოვრობს. ისინი ძირითადად მესაქონლეობითა და ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოებით არიან დაკავებულები. სოფელში ვაზის სანერგე მეურნეობაც ფუნქციონირებს, სადაც ჩხავერის, ცოლიკოურის, ოჯალეშის, საწურის, საკმიელას, კრახუნასა და ალექსანდროულის ნერგები გამოჰყავთ.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები