ტყიბულში მეშახტეებმა აქცია გამართეს – “საქნახშირი” აღნიშნულზე განცხადებას ავრცელებს
ტყიბულში, მერიის შენობის წინ მეშახტეები კვლავ შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლებისგან საშემოსავლო გადასახადის, ანუ ხელფასის 20 პროცენტის საკუთარ ანგარიშებზე დარიცხვას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფმა ე.წ. დამხმარე ჭაური შეამოწმა და დაასკვნა, რომ შახტაში მუშაობა არ შეიცავს საფრთხეს. თუმცა, მათი თქმით, მუშაობის პარალელურად უნდა მოხდეს მექანიზმის შეკეთება. მიუხედავად ამისა, მუშაობის გაგრძელებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია მეშახტეებს არ აქვთ. მათი ნაწილი მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა მინდელის სახელობის შახტასთან გადაინაცვლეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქნახშირმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.
კომპანია „საქნახშირში“, მინდელის სახელობის შახტაზე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ დამხმარე ჭაურის ამწე დანადგარზე არაგეგმური ტექნიკური ინსპექტირების სამუშაოები დაასრულა.
კომპანიის ცნობით, კომისიის ოქმის მიხედვით, მინდელის სახელობის შახტის ამწე დანადგარის გამოყენება ექსპლუატაციაში შეზღუდული არ არის.
„მიუხედავად შახტის განვითარების გეგმის არსებობისა, რომელიც გულისხმობს ინფრასტრუქტურის შეცვლას, მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნასა და ანაზღაურების ახალი სისტემით გაცილებით მეტი თანხის გამომუშავებას, თანამშრომლები ხელფასის მომატებას ითხოვენ. კერძოდ, პროფკავშირების გაერთიანების დახმარებით მათ კომპანიას ოფიციალურად მიმართეს დამსაქმებლისთვის დაწესებული 20% შეღავათის თანამშრომელთა ხელფასებზე გადანაწილებისა და ხელფასის გაზრდის მოთხოვნით. იქიდან გამომდინარე, რომ სისტემურად არ სრულდება საწარმოო გეგმური მოპოვება, ხელფასების ნამატის გაკეთება შეუძლებელია, შახტას ამისთვის არანაირი ფინანსური საფუძველი არ გააჩნია“, – ნათქვამია “შაქნახშირის” განცხადებაში.
კომპანია აღნიშნავს რომ პანდემიის პერიოდში, საწარმომ არ გააჩერა მუშაობა და მწირი მოპოვების მიუხედავად ხელფასები შეუმცირებლად, დათქმულ ვადებში გასცა.
შახტაში დასაქმებულები, სპეციალური ჯგუფის დასკვნას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მათი სიცოცხლე საფრთხეშია. მეშახტეების მოთხოვნა უცვლელია, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ხელფასების გაზრდა. მეშახტეები გეგმავენ, პროტესტი მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გააგრძელონ. შახტის თანამშრომლებმა მუშაობაზე უარო ათ ივლისს განაცხადეს, მას შემდეგ, რაც შახტში ინციდენტი მოხდა.