2020 წელს რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის 67 პროექტისთვის 202 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ამ დროისთვის, 34 მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, წლის განმავლობაში კი დაგეგმილია კიდევ 33 ახალი პროექტის დაწყება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორებში, კომპანიის მიერ 67 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება გულისხმობს როგორც ქსელების, ისე გამწმენდი ნაგებობების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას და შესრულებას.
მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, უწყვეტი წყალმომარაგებით და წყალარინების გამართული სისტემით დაახლოებით 779 625 ადამიანი ისარგებლებს.
2020 წელს, ზუგდიდის წყლის სისტემის მშენებლობის დასრულების შედეგად, ქალაქის არსებობის ისტორიაში პირველად, მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით. ზუგდიდში შენდება ასევე წყალარინების თანამედროვე სისტემები და გამწმენდი ნაგებობა.
მიმდინარე წელს დასრულდება ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. ამ დროისთვის კი, პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის 70% უკვე გადაყვანილია უწვეტ წყალმომარაგებაზე.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს ასევე მარნეულში, ფოთში, აბაშაში, ოზურგეთში, აბასთუმანში და თელავში, სადაც წყლის ახალი სისტემების და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (ADB, KfW, EIB) დაფინანსებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელებისთვის, კომპანია, 2020 წელს, 134 მილიონი ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 70 მილიონამდე ლარის ათვისებას გეგმავს, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ჯამური ღირებულება კი 1.021.012.916 მლრდ ლარს შეადგენს.