ზესტაფონის სოფელ რკვიაში გზას რეაბილიტაცია პირველად უტარდება
ზესტაფონში, სოფელ რკვიაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
სასოფლო გზას, რომლითაც ყოველდღიურად 200 – მდე ადამიანი სარგებლობს, მანამდე არასდროს ჰქონია გზის საფარი.
მერიის ცნობით, პროექტი აღნიშნულ დასახლებაში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. არმირებული ბეტონის საფარი გზის 1500-მეტრიან მონაკვეთზე ეწყობა. პროექტის ღირებულება 298 499 ლარია. სატენდერო ვალდებულების შესაბამისად, რკვიის სასოფლო გზის რეაბილიტაციას შპს „ბილტმორი“ ახორციელებს.
გზის აღდგენის სამუშაოები სოფელ რკვიაში, ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, ვიცემერ დავით მაღრაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ შალვა კიკნაველიძესთან ერთად დაათვალიერა.
„სოფელი რკვიის მოსახლეობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასოფლო გზის რეაბილიტაციას. დღემდე სოფელში მსგავსი მასშტაბის სამუშაოები გზის აღსადგენად არ განხორციელებულა. ადგილობრივებს სერიოზული პრობლემები ექმნებოდათ გადაადგილების თვალსაზრისით. ახალი პროექტი სოფელ რკვიაში, არის შანსი იმისა, რომ ადგილობრივები დარჩნენ საკუთარ დასახლებაში საცხოვრებლად და ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლონ გადაადგილება, ამავე დროს, ჰქონდეთ გამართული ინფრასტრუქტურა სოფელში“, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.