31-დღიანი მკაცრი საკარანტინო მდგომარეობის შემდეგ სოფელი გეტა გაიხსნა

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სოფელი გეტა გაიხსნა. 31-დღიანი მკაცრი საკარანტინო მდგომარეობის შემდეგ სოფელს წითელი ზონის სტატუსი მოეხსნა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სოფლის მაცხოვრებლებს მიმოსვლა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეეძლებათ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დღეიდან ​გეტას შესასვლელთან პატრულირება დაასრულეს.

სოფელში იმყოფებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი – დავით შერაზადიშვილი, რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაესაუბრა, კარანტინის პერიოდში წესების მკაცრად დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები კიდევ ერთხელ შეახსენა.

სოფელ გეტას საკარანტინო ზონაში კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევა 16 მაისს დაფიქსირდა. ამ პერიოდის განმავლობაში ეპიდემიოლოგებმა სოფელში PCR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის კვლევა რამდენჯერმე განახორციელეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელში არაერთი პერევენციული ღონისძიება გაატარა. ყველა ოჯახს მუნიციპალიტეტმა სასურსათო პაკეტები გადასცა. გეტაში ასევე აქტიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანია.

აღსანიშნავია, რომ მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა ნარჩუნდება სოფელ მუშევანში, სადაც მუშაობას ეპიდემიოლოგები კვლავ აქტიურად გააგრძელებენ.

,,31- დღიანი მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შემდეგ სოფელი გეტა დღეს გაიხსნა. ადგილზე, ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი ეპიდემიოლოგები სისტემატიურად ახორციელებდნენ კვლევით სამუშაოებს. რამდენჯერმე განხორციელდა მოსახლეობიდან ბიოლოგიური ნიმუშების აღება. გახსნამდე კი, ეპიდსიტუაციის კონტროლის მიზნით, კიდევ ერთხელ გაიტესტა სამიზნე ჯგუფები, ტესტირების დადებითმა შედეგებმა კი საშუალება მოგვცა სოფლისთვის წითელი ზონის სტატუსი მოგვეხსნა. საკარანტინო მდგომარეობის პერიოდში, მუნიციპალიტეტი მოსახლეობას სასურსათო პაკეტებით ეხმარებოდა, გეტაში სისტემატიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანიაც. მინდა, მადლობა გადავუხადო სოფლის მოსახლეობას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და წესების ზედმიწევნით დაცვისთვის. ასევე მსურს, მადლიერება გამოვხატო საპატრულო პოლიციიის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, სოფლის საზღვრებს აქტიურად აკონტროლებდნენ. დღეიდან, ადგილობრივები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები