შიდა ტურიზმის გახსნა კახეთში, გურჯაანის მუნციპალიტეტით დაიწყო. კამპანიის “იმოგზაურე შენს ქვეყანაში” ფარგლებში, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის წევრ, ნინო წილოსანთან ერთად, ტურისტული ობიექტები მოინახულა.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, კახეთში ყველა ტურისტული ობიექტი მზადაა, რომ დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით, სტუმრებს უმასპინძლოს. დეპუტატის თქმით, კახეთს, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, პოტენციალი აქვს სტუმრები მეღვინეობის და აგრო ტურიზმის მიმართულებით მიიღოს.
„გამოვარჩევდი მეღვინეობის და აგრო ტურიზმის მიმართულებას ჩვენთან,კახეთში და დღეს ეს მიმართულებები მზადაა , რომ უმასპინძლოს სტუმრებს. თავისთავად ცხადია, ეს ვერ ჩაანაცვლებს, იმ ძალიან დიდ მოთხოვნას, რომელიც არის ამ მიმართულებით. თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მივიღოთ მონაწილეობა, რომ კიდევ მეტად განვითარდეს ეს ობიექტები და შეძლოს დღეს არსებულ მდგომარეობაში იცოცხლოს და სამომავლოდ მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
„ ჩვენ ძალიან ექსპრომტად დავგეგმეთ გიდებთან და ტურიზმის წარმომადგენლებთან ერთად ტური კახეთში. გურჯაანში ვნახეთ, რა ბარიერებს და რეგულაციებს აწყდებიან ტურიზმის სექტორში მომუშავე ადამიანები. მათგან უშუალოდ გავიგეთ მოსაზრებები და ფაქტობრივად პირველივე დღეს გავესაუბრეთ იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ არიან ჩართული ამ სფეროში”,- აღნიშნა ნინო წილოსანმა.
დეპუტატებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს გურჯაანში, სასტუმრო “Villa Art Kotekhi” -ის გახსნაში.