აჭარის მთავრობა სეტყვით დაზარალებულებს დაეხმარება

ძლიერმა სეტყვამ ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სოფელი დააზარალა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე -თორნიკე რიჟვაძე სოფლებში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა .

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, კომისიის წევრები ზარალს ერთი კვირის ვადაში დაითვლიან და მთავრობა მოსახლეობის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

“გუშინ, ძლიერმა სეტყვამ დააზარალა ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინისტრს და ასევე თვითმმართველობის ხელმძღვანელებს მიეცათ შესაბამისი დავალება, რომ ოპერატიულად, დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში, შეძლონ, დაითვალონ ის კონკრეტული ზარალი, რომელიც მოსახლეობას მიადგა. კომისიის შედეგების შესაბამისად, მთავრობაში ვიმსჯელებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ როგორც კომპენსაციის, ასევე მოსავლის მიღების ნაწილში”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ქედისა და შუახევის სოფლებში სტიქიამ ერთწლოვანი კულტურები გაანადგურა. დაზიანდა თამბაქოს ნარგავები, ხეხილი, ბოსტნეული და ვენახი.

შეიქმნა სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერების მდგომარეობის შემსწავლელი კომისია, რომელშიც ჩართული არიან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. კომისიამ საველე შესწავლა დღეს დაიწყო და ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაზარალებულ სოფლებში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი – ტიტე აროშიძე და შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მერები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები