“როცა გიყვარს, რასაც აკეთებ აუცილებლად გამოგივა” – 25 წლის ფერმერი შუახევიდან

შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ზოიძეების ოჯახი უახლოეს პერიოდში, ტონობით მაყვლის მოსავალს ელოდება. ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის გამო, მაღალმთიანი აჭარის სოფლებში ბევრი ოჯახი დაბრუნდა. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მშობლიურ მიწა-წყალს მოწყვეტილი იყო, ახლა ხელი ფერმერობას მიჰყვეს. მათ ახალ წამოწყებას მხარს ადგილობრივი თვითმმართველობაც უჭერს. ​სოფლის მეურნეობის განვითარების სხვადასხვა პროგრამის წყალობით, ფერმერებმა თავიანთ მიწის ნაკვეთში ხილი და ბოსტნეული კულტურა გაეშენებინა და ჯანსაღი პროდუქტი წარმოება შეძლეს.

მთავრობის დახმარებით სარგებლობენ ზოიძეებიც, თუმცა ხვნა-თესვა, ნაკვეთში გაშენებული სხვადასხვა ხეხილის მოვლა-პატრონობა კორონავირუსის გავრცელებას არ უკავშირდება. ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობაში აქტიურად არიან ჩართული, მათი შემოსავლის ძირითადი წყაროც თავიანთ ეზოში მოყვანილი მოსავალია.

შუახევში, სოფელ ახალდაბაში 1 500 მეტრზე გაშენებულ მაყვალს 25 წლის სოფო ზოიძე უვლის. ქართული ჯიშის ბიბლიური მცენარე ზოიძეებმა სამი წლის წინ კახეთიდან ჩამოიტანეს. 1200 ძირი ნერგი აჭარის მიწაზე გააშენეს და გაახარეს.  ნარგავებს ახლა ყვავილობის პერიოდი აქვს, მალე ნაყოფი დამწიფდება და მოსაკრეფად მზად იქნება. მაყვალს 5-10 დღეში, ნიადაგის ტიპისა და წვიმის ფაქტორის მიხედვით რწყავს.
ისეთი მთიანი ადგილისთვის, როგორიც შუახევია, სასურველი მეთოდი კომპენსირებული დრეკადი მილებით წვეთოვანი სისტემით მორწყვაა. ახალგაზრდა ქალმა უკვე კარგად შეისწავლა მაყვლის ხასიათი და იცის რა არის საჭირო საუკეთესო პროდუქტის მისაღებად. ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას იმ გამოწვევებზე ყვება, რომლის წინაშეც ფერმერი ყოველთვის მზად უნდა იყოს.
,,მაყვალი იკრიფება, როდესაც ხილი მთლიანად შავია, დღის ყველაზე გრილ პერიოდში. მოკრეფილ მაყვალს ფრთხილად ვაწყობთ კონტეინერში. გავსების შემდეგ ყუთებში გადაგვაქვს დასაფასოებელ პუნქტში, ვაფასოებთ და საცავ-მაცივარში ან ბაზარზე გაგვაქვს. ხილი უნდა გაცივდეს დაკრეფიდან ძალიან სწრაფად, რაც ითვალისწინებს რბილობის ტემპერატურის დაყვანას 0-10C-მდე. ამისათვის აუცილებელია სპეციალური მაცივარი, რაც სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა გვპირდებიან და ალბათ უახლოეს პერიოდში ეს პრობლემაც აღარ გვექნება. შარშანდელთან შედარებით გაცილებით, მეტ მოსავალს ველოდებით. ახლა სახლში მარტო ვარ, ოჯახის წევრები მთაში არიან. მინდა ვთქვა, რომ სოფელში ცხოვრება და ფერმერობა ჩემთვის სირთულეს აღარ წარმოადგენს. თავიდან ყველაფერი დაუძლეველი გეჩვენება, მაგრამ როცა გიყვარს რასაც აკეთებ აუცილებლად გამოგივა. შარშან ტურისტებიც გვყავდა ძალიან მოეწონათ მაყვალი, წაიღეს დიდი რაოდენობით თუმცა წელს არ ვიცით კორონავირუსის გამო როგორ იქნება“,- ამბობს სოფო ზოიძე.

როგორც “რეგიონულ კვირას” შუახევის საკრებულოს დეპუტატი გურამ ზოიძე უყვება, გამომდინარე იქედან, რომ შუახევის მუნიციპალიტეტში სოფლებს მთის სტატუსი აქვთ მინიჭებული, ადგილობრივები სოფლის მეურნეობის განვითარების სპეციალური პროგრამებით სარგებლობენ. ნებისმიერ მათგანს შეუძლია პროექტი წარმოადგინოს, რის შემდეგაც შესაბამისი გრანტით სარგებლობას შეძლებს.
,,მინდა ავღნიშნო, რომ პანდემიის პერიოდში ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია, თუმცა ფერმერებს შუახევის მუნიციპალიტეტში შეუძლიათ ისარგებლონ იმ გრანტებითა და შეღავათებით რასაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მუნიციპალიტეტი სთავაზობს. ჩვენ თითოეულ ოჯახამდე მიგვაქვს ინფორმაცია სიახლეებზე და არცერთი ფერმერი არ დარჩება ახალი გამოწვევების გარეშე. ადგილობრივი, ხარისხიანი, ჯანსაღი პროდუქციის წარმოება მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა გურამ ზოიძემ.

ზოიძეების ოჯახი ქართული, ნატურალური და ხარისხიანი პროდუქტის პოპულარიზებას აგრძელებს. სამომავლოდ კი. მოსავლის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავენ.

 

 

 

ფიქრია დავლაძე

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები