აჭარაში შიდა ტურიზმი გაიხსნა – ბათუმი ტურისტების მისაღებად მზადაა

ტურისტული სექტორი შიდა ტურიზმისთვის დღეიდან გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში სპეციალური განცხადება გაკეთდა.
,,დღეიდან ტურისტული სექტორი შიდა ტურიზმისთვის გაიხსნა. ჩვენს მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა ესტუმრონ ბათუმს. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც შიდა ტურიზმი გახსნა. მოგეხსენებათ, რომ ბათუმი ევროპის ყველაზე უსაფრთხო მიმართულებების ტოპ ათეულშია. ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული სეზონისთვის მზადება. 8 ივნისიდან სასტუმროებმა ახალი რეგულაციების მიხედვით დაიწყო მუშაობა. სასტუმროები აღჭურვილი და გადაწყობილია უსაფრთხოების წესების შესაბამისად. მერიის მუნიციპალური ინსპექცია, საქართველოს ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად, რეგულარულად აწარმოებს ტურისტული ობიექტების, სასტუმროების, ღია და დახურული ტიპის აუზების, კაფე-ბარების, სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების მონიტორინგს. ამ დროისთვის უკვე შემოწმებულია 240-ზე მეტი ობიექტი. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუნიციპალური ტრანსპორტისა და სამარშუტო ტაქსების მონიტორინგი. აქვე მინდა მივმართო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, რომ მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე შეტყობინება უკვე შემოვიდა სარესტორნო ქსელებთან დაკავშირებით, სადაც 12 საათის შემდეგ დაფიქსირდა ხმაური. ამ საკითხის თაობაზე კონტროლი მკაცრად უნდა განხორციელდეს. მინდა მოვუწოდო ყველას, მაქსიმალურად დავიცათ დაწესებული რეგულაციები, რათა შევძლოთ, ეფექტურად ვმართოთ პროცესები და შევინარჩუნოთ მწვანე ქალაქის სტატუსი“ – აღნიშნა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.

მერმა ასევე  ქოლცენტრის ამოქმედებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დაინერგა. მოქალაქეებს ავტომატურ რეჟიმში, პირდაპირ მიზნობრივ სამსახურთან დაკავშირება შეეძლებათ. ახალი სისტემის დანერგვა შემოსულ ზარებზე ოპერატიულ და ეფექტურ რეაგირებას უზრუნველყოფს. ქოლცენტრის ნომერია: 0 800 000 810
ცვლილებები იგეგმება სატრანსპორტო გადაადგილებასთან მიმართებაში.
,,მოგეხსენებათ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საკმაოდ ვიწრო ქუჩებია. მომატებული ავტოტრანსპორტის ნაკადის ეფექტურად მართვისათვის ჩვენ მიერ მუშავდება ახალი მოდელი. დაგეგმილია გორგილაძის ქუჩის გაცალმხრივება ბარათაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით. ამავე დროს უკუმიმართულებით, ანუ ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი ავტობუსებისთვის სპეციალურად გამოყოფილი ხაზების – BUS LANE-ების მეშვეობით. ასევე გაცალმხრივდება ჭავჭავაძის ქუჩა თავდადებულის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე მიმართულებით. ამ შემთხვევაშიც, უკუმიმართულებით იმოძრავებს მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი. ვახტანგ გორგასლისა და ფარნავაზ მეფის ქუჩები, გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გაცალმხრივდება. ტრანსპორტი იმოძრავებს გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. იგეგმება პუშკინის ქუჩის გაცალმხრივებაც. კერძოდ, ლორიას ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მოძრაობა ცალმხრივი იქნება ამავე მიმართულებით. ხოლო პუშკინის ქუჩის დანარჩენ მონაკვეთზე (თავდადებულის ქუჩიდან) მოძრაობა ორმხრივი დარჩება. ცალმხრივი გახდება გრიბოედოვის ქუჩა ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის მიმართულებით, სადაც განთავსდება შუქნიშანი, გაიხსნება გზაგამყოფი და გრიბოედოვის ქუჩიდან ავტომობილებს საშუალება ექნებათ იმოძრაონ როგორც მარჯვნივ რუსთაველის მიმართულებით, ასევე მარცხნივ ახალი ბულვარის მიმართულებით. ცვლილებები შემუშავებულია მდგრადი ურბანული სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროექტის ფარგლებში, ქალაქში BUS LANE-ების სისტემის დანერგვის მიზნით. ცვლილებების შემდეგ ქალაქში გაცილებით უკეთესი მოცემულობა გვექნება ვიდრე დღეს გვაქვს”,-განაცხადა ლაშა კომახიძემ
.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები